საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 701 776 მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს. (საქსტატის მონაცემებით, წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-ს შეადგენს).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება და თანაც მნიშვნელოვნად. თუ 2017 წელს (ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე მონაცემები სწორედ ამ წლიდან იძებნება) ქვეყანაში სულ რეგისტრირებული იყო 1 228 123 ერთეული ავტომობილი, წელს ამ მაჩვენებელმა 1 701 776 შეადგინა. 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 726 400-ს შეადგენდა, შესაბამისად, გამოდის, რომ იმ წელს ყოველ სამ ადამიანზე ერთი მანქანა მოდიოდა.
რაც შეეხება ზოგადად ავტოპარკის მდგომარეობას, ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2020 წელი – 1 404 471 ავტომობილი
- 2021 წელი – 1 490 263 ავტომობილი
- 2022 წელი – 1 563 165 ავტომობილი
- 2023 წელი – 1 680 436 ავტომობილი
- 2024 წელი (მიმდინარე) 1 701 776 ავტომობილი