4 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული სტილის კანონთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართებოდა. საზოგადოების ძალისხმევის მიუხედავად, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა “რუსულ კანონს”. “რუსული კანონი” ზღუდავს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რაც რიგ პრობლემას უქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ინგა ირიციანი TOK-TV-ს ჟურნალისტია. რადიო NOR-თან საუბარში ინგა აცხადებს, რომ “გამჭირვალობის” კანონს არაფერი საერთო აქვს გამჭირვალობასთან, კანონი არის “რუსული” და დღემდე მხოლოდ რუსეთის მაღალჩინოსნებმა მოიწონეს ის.
“ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ვერ იარსებებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რეგიონებში მოსახლეობა ვეღარ მოისმენს პროპაგანდისგან დაცლილ ინფორმაციას მედიის მეშვეობით. რეგიონებში ხალხისთვის საჭირო საკითხები დარჩება გაშუქების გარეშე, ის ხალხი ვისაც მედიის იმედი აქვს და ხშირად გვიკავშირდებიან ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაზე, ჩვენ ვეღარ ვიმუშავებთ მათთვის და ვერ გავაჟღერებთ მათ საჭიროებებს”, – აცხადებს ირიციანი.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი მედიის მუშაობის შეზღუდვით, ვერ გაშუქდება სოფლად მცხოვრები ადამიანებს მოუგვარებელი პრობლემები, ვერ გაშუქდება და ვერ მიიწვდება მათი პრობლემები ფართო საზოგადოებამდე. ინგა აღნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი, გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით, რომლებიც ხშირად ხდებიან დეზინფორმაციის სამიზნედ და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მუშაობა, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ეს კანონი დაგვაკარგვინებს დასავლეთიდან მიღებულ დაფინანსებებს, გაცვლით პროგრამებს და შეაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ” ქართულმა ოცნებამ “საქართველოს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირა კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ შეცვლილი სათაურით “კანონი უცხოური სახელმწიფოების ინტერესების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ”. შეერთებული შტატები და ევროკავშირი კანონს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 14 მაისს ე.წ. “რუსეთის კანონი” მიიღო, 2024 წლის 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის თანახმად, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოელი დონორებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, იძულებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” ან დაჯარიმდებიან. აგენტად დარეგისტრირებაზე ან ფინანსური ანგარიშის წარდგენაზე უარის თქმა 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. სუბიექტი ვალდებულია, შესაბამის ვებ გვერდზე 10 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს სააგენტოს. განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 10 000 ლარის ოდენობით. აქრის ხელახლა ჩადენა ამავე აქტის ჩადენისათვის ბოლო დროს დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებიდან ერთი თვის ვადაში, გულისხმობს ჯარიმის დაკისრებას 20 000 ლარის ოდენობით.
ე.წ “რუსული კანონის” მიღების გამო აშშ-მ, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.