სად არის ბენზინი ყველაზე ძვირი და იაფი – როგორია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები

სად არის ბენზინი ყველაზე ძვირი და იაფი – როგორია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები

2014 წლის 11 აგვისტოდან მიმდინარე წლის 22 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 1 ლიტრა ბენზინის საშუალო ფასი 2.54 ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის 21 მარტისდროინდელ მინიმალურ 1.65-ლარიან და 2022 წლის 18 ივლისის არაუმეტეს 4-ლარიან ფასებთან მიმართებით არის დადგენილი. შედარებისთვის: მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 4,91 ლარს შეადგენს.

სტატისტიკას დარგის პორტალი, Globalpetrolprices აქვეყნებს.

Globalpetrolprices საქართველოს მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, ასევე, ნავთობკომპანიებიდან და სხვა ძირითადი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პორტალი საქართველოს მონაცემებს ყოველ კვირას აახლებს.

რაც შეეხება მიმდინარე ფასებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, ლიტრა ბენზინი ყველაზე ძვირი თურქეთში, ხოლო ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში მეზობელ ქვეყნებს შორის ბენზინი ყველაზე ძვირი სომხეთში ღირდა. თუმცა სომხეთში 11 მარტიდან 22 ივლისის ჩათვლით ლიტრა ბენზინზე საშუალო ფასი არ შეცვლილა, მაშინ, როცა რეგიონის ყველა ქვეყანამ ამ მხრივ 0.05-0.10 დოლარიანი ინფლაცია განიცადა.

მაგალითად, თუ საქართველოში 11 მარტის მდგომარეობით ბენზინის საშუალო ღირებულება 1.19 დოლარს, ანუ 3,23 ლარს შეადგენდა, ამჟამად 1.23 დოლარს, 3.34 ლარს შეადგენს, რითიც ის სამეზობლო ხუთეულში მესამე ადგილზეა.

კერძოდ, 22 ივლისიდან ბენზინის საშუალო ფასი რეგიონში ასეთია (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • აზერბაიჯანი – 0.64 (მარტში 0.59)
  • რუსეთი – 0,65 (0.60)
  • საქართველო – 1.23 (1.19)
  • სომხეთი – 1.32 (იგივე)
  • თურქეთი – 1,37 (1.26)

ყველაზე დაბალი ფასით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩევა (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • ირანი – 0,029 (მარტში იგივე)
  • ლიბია – 0,031 (იგივე)
  • ვენესუელა – 0,035 (იგივე)
  • ეგვიპტე – 0.28 (0,26)
  • ალჟირი – 0,34 (იგივე)
  • კუვეიტი – 0,34 (იგივე)
  • ანგოლა – 0.34 (0,36)
  • თურქმენეთი – 0,43 (იგივე)
  • მალაიზია – 0.43 (0,44)
  • ნიგერია – 0.48 (0,41)

22 ივლისიდან აშშ-ში ლიტრ ბენზინის საშუალო ფასი, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით გაძვირდა და 1 დოლარი გახდა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კი ფასი იგივე, 0,78 დოლარი დარჩა. უცვლელია ფასი ჩინეთშიც და ლიტრა ბენზინი 1,19 დოლარი ღირს, ხოლო ინდოეთში, მარტთან შედარებით, 0.06 დოლარით, ანუ 1,26-დან 1.20 დოლარამდე გაიაფდა.

ევროპის ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასი მარტის მსგავსად კვლავ 1,4-სა და 2,3 დოლარს შორის ვარირებს. მაგალითად, ლიტრა ბენზინზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი უკრაინაში, 1.44 დოლარი დაფიქსირდა, თუმცა მარტში შედარებით ნაკლები, 1,41 დოლარი ღირდა. ბულგარეთში (1,45 დოლარი), ესპანეთში (1,75 დოლარი), ბელგიაში (1,8 დოლარი), გერმანიასა და ფინეთში (1,9 დოლარი) ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო საფრანგეთში, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით, ანუ 2-დან 1.98 დოლარამდე გაიაფდა. იტალიასა და საბერძნეთში ბენზინი კვლავ 2 დოლარზე მეტი ღირს.

ყველაზე ძვირი ბენზინი შემდეგ ქვეყნებშია (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • მონაკო – 2,32 (იგივე)
  • ჰოგ-კონგი – 3.26 (მარტში 3,1)
  • დანია – 2,29 (2.2)
  • ისლანდია – 2.28 (2,31)
  • ნიდერლანდები – 2.18 (2,17)
  • ისრაელი – 2.14 (2,11)
  • ლიხტენშტეინი – 2.12 (2,09)
  • იტალია – 2.093 (2.09)
  • ბარბადოსი – 2.090 (2,092)
  • შვეიცარია – 2.082

აღსანიშნავია, რომ ნორვეგია ბენზინის საშუალო ფასით ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეულში აღარ არის, რადგან ქვეყანაში საწვავი, თითქმის, 0.08 დოლარით, ანუ მარტისდროინდელი 2,12-დან 2.048 დოლარამდე გაიაფდა.

ცნობისთვის: Globalpetrolprices ძირითადად, ქვეყნების, მათ შორის, საქართვეოლოს ბენზინის ფასს ყოველკვირეულად აახლებს, თუმცა იმ ქვეყნების მონაცემები, რომლებიც საწვავის ბაზრებს არეგულირებენ და რომლებშიც ფასები ხშირად არ იცვლება, მხოლოდ ყოველთვიურად ახლდება.

BPN