„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში დედაქალაქში უფრო მეტი ძველი ბინა გაიყიდა, ვიდრე ახალი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ივნისში სულ გაყიდულია 621 ახალი და 2 282 ძველი საცხოვრებელი ბინა.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ კვლევის მიხედვით, ახალი ბინის გაყიდვები წლიურად 22%-ით, ხოლო ძველი ბინის 20%-ით არის შემცირებული.
„საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წინა წელთან შედარებით 1.8%- ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები თითქმის უცვლელი დარჩა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო შეწონილი ფასი ახალ პროექტებში 1 027 დოლარს შეადგენდა, ძველში კი 1 238 დოლარს.
„2024 წლის ივნისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვებმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ ყველაზე დიდი წილი დაიკავა (43%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%-ს მიაღწია და წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.