„შენობა, რომელიც პროექტის შესაბამისად არის აშენებული, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური გრაფიკის მიხედვით აკონტროლებს და იბარებს, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არის მყარი,“ – ამის შესახებ კომპანია “არსის” დამფუძნებელმა, თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
როსტომაშვილმა რამდენიმე რჩევა გაუზიარა ადამიანების იმ კატეგორიას, ვისაც ბინის შეძენა სურს, მაგრამ ხელი არ მიუწვდება დეტალურად გაარკვიოს კორპუსის მდგომარეობა, რათა მომავალში გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილონ.
„თუ ადამიანი ბინის შეძენას აპირებს, ყველაზე სწორი მგონია, რომ ის უფრო გამოცდილ კომპანიებთან შეიძინონ, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად გამართულია ტექნოლოგიები ახალ კორპუსებში – ლიფტები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ. რამდენად კეთილსინდისიერად მოეკიდა ესა თუ ის დეველოპერი ამ საკითხს, სწორედ ამ დეტალებიდან ჩანს.
ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა სტადიაში ჩააბარა მან კორპუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმედგაცრუება ნაკლებად გექნებათ,“ – აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.