ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი

ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი

ბოლო ხუთ წელში, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 4.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან მინიმუმ 1.5 მილიონი ლარი პირდაპირი შესყიდვებით ისევ ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების თანამშრომლებმა, ან მათ ნათესავებმა, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

2019–2024 წლებში, ადიგენის მერიამ ჯამში საპროექტო და სამშენებლო მიმართულების 278 შესყიდვა განახორციელა, თუმცა ტენდერზე  დაიდო მხოლოდ 17 მათგანი, დანარჩენზე კი, გამარტივებული წესით, პირდაპირი შესყიდვა განახორციელა. რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ, თავად შეარჩია ის ინდივიდუალური მეწარმე ან შპს, რომლებიც კონკრეტულ სოფლებში პროექტებს განახორციელებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი პირდაპირი წესით, უმრავლეს შემთხვევაში ხელშეკრულებას ერთსა და იმავე პირებს უფორმებდა. ამ პროექტის ფარგლებში, ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ მეწარმეს – 17 პროექტი აქვს შესრულებული, სხვები მას 13, 10 და უფრო ნაკლები შესყიდვით ჩამორჩებიან. თუმცა ამ პროექტების გარდა, იგივე ადამიანები იმარჯვებენ  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებშიც.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, კონკრეტულად ვის უფორმებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებებს და საბოლოოდ, ვისთან მიდის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.

 რა არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს დასახლებებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. მისი მიზანია მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე ერთობლივად შეჯერდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მათი საჭიროებისამებრ გაიხარჯოს.

თუ რა თანხა გამოიყოფა თითოეული სოფლისათვის, ამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ამ კონკრეტულ სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობის პროპორციულად განსაზღვრავს.

თანხის შემდეგი პრინციპით გაანგარიშდება:

·         დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 200 კაცამდე გამოეყოფა 10 000 ლარი;

  • 201 – 400 კაცამდე –12 000 ლარი;

  • 401 – 1 000 კაცამდე – 16 000 ლარი;

  • 1 000 კაცზე მეტი –20 000 ლარი.

 გარდა ამისა, კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივ თვითმმართველობას და უცხოურ/დონორ ორგანიზაციას, თანხის დამატება შეუძლია, თუმცა თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული პროექტისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს.

პროექტის განხორციელებამდე, აუცილებელია დასახლებაში მცხოვრებლების ინფორმირება და საერთო კრების გამართვა, სადაც მოსაგვარებელი პრობლემა უნდა შეირჩეს. ასეთი კრების გამართვა სოფელში მუნიციპალიტეტის მერმა უნდა უზრუნველყოს.

სოფელში არსებულ პრობლემაზე მსჯელობის დასაწყებად, აუცილებელია კრებას სოფელში რეგისტრირებული მცხოვრებლების 20% ესწრებოდეს. კრებაზე, მოსახლეობა ასახელებს რამდენიმე პრობლემას, რომელთა მოგვარებაც პირველ რიგში სურთ. დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით უნდა შეირჩეს ერთი პროექტი, რომელსაც შემდეგში მერია დაამუშავებს და სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს. აუცილებელია კრებაზე შედგეს ოქმი.

პროგრამის ძირითადი არსი ის არის, რომ მოსახლეობამ თავად მიიღოს  გადაწყვეტილება, რა პრობლემის გადაწყვეტა სურს და როგორ განკარგოს საკუთარი ფული.

თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. პროექტების მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობას.

 პირდაპირი გზით შესყიდვა ტენდერის ნაცვლად

პროგრამა 2019 წელს განახლდა და მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად  40 მილიონი ლარია. ბოლო ხუთ წელში (2019–2024 წწ.) „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტები კონტრაქტებს გამარტივებული ე.წ. პირდაპირი შესყიდვის გზით აფორმებენ, რაც ამ თემით დაინტერესებული ანალიტიკოსების აზრით, კორუფციის მაღალ რისკ შეიცავს, რადგან ასეთ შემთხვევაში სამუშაოების შემსრულებელი არ ირჩევა გამჭვირვალედ, კონკურენტული გზით, არამედ, მუნიციპალიტეტის მერია თავად ირჩევს იმ ინდივიდუალურ მეწარმეს ან კომპანიას, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად  სოფლისათვის გამოყოფილ თანხას გადასცემს.

„გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში“, – ვკითხულობთ TI –ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ბლოგში).

რა კრიტერიუმის მიხედვით არჩევს მერია კონკრეტულ კომპანიას ან ინდივიდუალურ მეწარმეს, უცნობია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტების გამარტივებული წესით შესყიდვა იმან გამოიწვია, რომ კონკრეტულ სამუშაოებზე თანხა ცოტაა და ხშირად კომპანიები ტენდერში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, პროექტები კი შესასრულებელი რჩება.

„მხედველობაშია მისაღები, რომ ინდივიდუალურად შესასყიდი ობიექტების მცირე მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მუდამ არის მაღალი ალბათობა, რომ ეს ტენდერები დასრულდეს უშედეგოდ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს, პროექტების განხორციელების ვადების მკვეთრ ზრდას და მათი შეფერხებით განხორციელებას.”  [საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო]

 ადიგენის მუნიციპალიტეტი

2019 წლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“ დასახლებებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ასეთი პირდაპირი გზით აფორმებს ხელშეკრულებებს ადიგენის მუნიციპალიტეტიც.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019–2024 წლებში, პროგრამის ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ყველა კონტრაქტი შეისწავლა – მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.

აღმოჩნდა, რომ პროგრამის ფარგლებში, მერიის მიერ შერჩეულ ინდივიდუალურ მეწარმეებს ანდა შპს–ებს, უმრავლეს შემთხვევაში, პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ ან ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

ჩვენ მიერ დათვლილი შესყიდვების მიხედვით, ადიგენის 55 დასახლებულ პუნქტში, ხუთი წლის განმავლობაში, სულ 6 შპს და 21 ინდივიდუალური მეწარმე ასრულებდა სამუშაოებს.

ყველაზე მეტჯერ კი ხელშეკრულება გაუფორმდათ შემდეგ პირებს:

 რამაზი კაჭკაჭაშვილი

მაშინ, როცა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში წელიწადში მხოლოდ ერთი პროექტი უნდა შესრულდეს, ხუთი წლის განმავლობაში ინდივიდუალურ მეწარმე რამაზი კაჭკაჭაშვილს, ამ პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი, 17 პროექტი აქვს განხორციელებული.

 ჯამში, ხუთ წელში, რამაზ კაჭკაჭაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან  მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 340 600 ლარზე მეტი მიიღო, ანუ წელიწადში საშუალოდ 68 100 ლარზე მეტს იღებდა. თუმცა ამას გარდა, ამავე მუნიციპალიტეტში სხვა სამშენებლო ტენდერებსაც ასრულებდა.

რამაზ კაჭკაჭაშვილის სიძე (ქალიშვილის ქმარი) პავლე ზაზაშვილი და მისი ოჯახი, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. ამასთან, პავლე ზაზაშვილი შპს „სამცხე 2022-ის“ 33%-იანი წილის მფლობელია, ამ კომპანიის სხვა მეწილეები, ლაშა ჭაღიაშვილი (34%) და თენგიზ თათეშვილი (33%) “ქართული ოცნების” შემწირველები არიან.  ამავდროულად, თენგიზ თათეშვილი  შპს „W/M ინვესთმენთის“ დირექტორია, რომლის 25%–იანი წილის მფლობელი სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის კომპანია – შპს „გლობალინვესთმენთია“.

სწორედ ამ კომპანიამ – შპს “ოცხე 2022”–მა აბასთუმანში კანონდარღვევით იყიდა კულტურული მემკვიდრეობის XIX საუკუნის ძეგლი.

კომენტარისთვის, Რამაზ კაჭკაჭაშვილს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ნომერზე დავურეკეთ, თუმცა გვითხრა რომ საუბარი არ შეეძლო: “არ მცალია, მანქანით ვმოძრაობ”.

ფოტო:რამაზ კაჭკაჭაშვილი და მისი სიძე, პავლე ზაზაშვილი

ჯემალი ქიმაძე

რამაზ კაჭკაჭაშვილს ოთხი პროექტით ჩამორჩება ჯემალი ქიმაძე, რომელმაც „სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში“ ადიგენის სოფლებში, ხუთ წელში, 13 პროექტი შეასრულა და მთლიანობაში 195 400 ლარზე მეტი მიიღო ანუ წელიწადში 39 000 ლარზე მეტს იღებდა.

ჯემალი ქიმაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ძმაა. თუმცა აღნიშნული 13 შესყიდვა მან 2019–2020 წლებში, ადიგენში ზაქარია ენდელაძის მერობის პერიოდში, ანუ, 2021 წლის ოქტომბრამდე მიიღო, ვიდრე მისი ძმა, გოჩა ქიმაძე ადიგენის მერი გახდებოდა. ბოლო შესყიდვის შესრულებიდან, 2020 წლის 31 დეკემბრიდან, 4 თვეში, 2021 წლის მაისში,  ჯემალ ქიმაძე ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორად დაინიშნა. ამის   შემდეგ თვითონ აღარ, თუმცა ადიგენის მერიის  შესყიდვებს მისი შვილი ჯუმბერ ქიმაძე იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯემალ ქიმაძე სახელმწიფო შესყიდვებში აღარ ფიქსირდება, ადიგენის ორ სოფელში: დიდ და პატარა სმადაში გვითხრეს, რომ გასულ წელს, აქ სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯემალ ქიმაძემ შეასრულა. რაც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ მშენებარე ობიექტებს ინტერესისთვის ათვალიერებს ხოლმე: “Რა საერთო მაქვს პატარა სმადაში სკვერთან მე! Არ შეიძლება მშენებლობის დროს მე გავიარო ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე? Გავიარე და გამოვიარე! Მე არ გამიკეთებია ეს სკვერი. Რას მელაპარაკებით ახლა, მეკითხებით დასუფთავების სამსახურის დირექტორმა გააკეთეთ თუ არა სკვერიო, მაგას მეკითხებით? Მე ვიცი რატომაც გაინტერესებთ. აბსოლუტურად ყველა სოფელში მივდივარ, ყველას ვეხმარები, ჩემი სამოქმედო ტერიტორიაა, იმიტომ რომ იქ ურნები მიდგას, მანქანები დადის ჩემი, გარე განათებები მაქვს… Და ყველ დღე მიწევს თითქმის ყველა სოფელში შესვლა. Და მშენებარე ობიექტებსაც ვათვალიერებ, მაინტერესებს და ვათვალიერებ. Რა არ შეიძლება ამის გაკეთება?” – კითხულობს ქიმაძე.

 ჯუმბერი ქიმაძე

ჯუმბერი ქიმაძეს, რომელიც ჯემალ ქიმაძის შვილი და შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ძმის შვილია, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტმა 5 წელში 7 კონტრაქტი  გაუფორმა. ჯუმბერმა მთლიანობაში ადიგენის მერიიდან 103 400 ლარზე მეტი მიიღო, ანუ წელიწადში – 20 600 ლარზე მეტი.

Გარდა ამისა, “სამხრეთის კარიბჭეს” მიერ შესწავლილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯუმბერ ქიმაძის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტაა მითითებული ინდივიდუალური მეწარმის, ფრიდონ თათოშვილის სახელზე გაფორმებული 261 068 ლარის,  13 შესყიდვაზე. დოკუმენტაციაში ფრიდონ თათოშვილის სახელზე მითითებულ ნომერზე “Სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო ზარს,  სწორედ ჯუბა ქიმაძემ უპასუხა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, სამ თვეში, ადიგენის მერიამ ააიპ-ის დირექტორის, ჯემალ ქიმაძის შვილს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა 103,829 ლარზე. მანამდე ორი წლის განმავლობაში, ჯუმბერ ქიმაძეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან  მხოლოდ ორი პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა მიღებული 9,949 ლარის ოდენობით.

“Მე მერის ძმის შვილი ვარ, მაგრამ როცა ეგ ხელშეკრულებები მაქვს მიღებული, ბიძაჩემი მაგ დროს მერი არ იყო. Რა შუაშია მე რამდენი ხელშეკრულება გავაფორმე მერიასთან. ბიძაჩემი როდესაც მერი გახდა, თქვენ ვერ დააფიქსირებთ ჩემთან დაკავშირებულ ვერანაირ ხელშეკრულებებს”.

ადიგენის შესყიდვებში ჯუმბერ ქიმაძის სახელი არ ფიგურირებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი მონაწილეობს ფრიდონ თათოშვილის სახელით აღებულ ტენდერებში. ამას ჯუმბერ ქიმაძე თავადაც გვიდასტურებს. რასაც ემატება, ის რომ ფრიდონ თათოშვილის 13  ტენდერზე ჯუმბერ ქიმაძის ტელეფონის ნომერია მითითებული, ერთ შესყიდვაზე კი ქიმაძის ელ.ფოსტაც.

კითხვაზე, რატომ არის მისი ნომერი მითითებული ინდივიდუალურ მეწარმე ფრიდონ თათოშვილის მიერ ადიგენის მერიისგან მიღებული ყველა შესყიდვის ხელშეკრულებაზე, ჯუმბერ ქიმაძემ გვიპასუხა, რომ ორივეს ერთი ნომერი აქვთ: “ეს ნომერი აქვს ფრიდონ თათოშვილს და ორივე ვსარგებლობთ ამ ნომრით. Მე ფრიდონ თათოშვილის წარმომადგენელი ვარ. Კითხვაზე კონკრეტულად რას აკეთებს, როგორც თათოშვილის წარმომადგენელი, გვპასუხობს: ”მე ვარ მის მიერ დაქირავებული, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევ ხოლმე, როგორც მმართველობის სახით თუ გააჩნია ამ ყოველივეს… თუ რაიმე დასჭირდება ფრიდონ თათოშვილს, ყურადღების ზედამხედველობის მიქცევა, მისგან დაქირავებული გახლავართ და ამასთან დაკავშირებით რა პრეტენზიაა. Მე არ ვიღებ ტენდერებს, იმიტომ, რომ ამის უფლებაც არა მაქვს”…– განაცხადა ჯუმბერ ქიმაძემ.

ფრიდონ თათოშვილი

მერის ძმის მსგავსად, პროგრამის ფარგლებში, 13 ტენდერი აქვს შესრულებული ფრიდონ თათოშვილსაც. თათოშვილი უდეში მერის წარმომადგენლის, შოთა ყულჯანიშვილის ბიძაა (დედის ძმა). შოთა ყულჯანიშვილი სოფელ უდის რწმუნებულად 2022 წელს დაინიშნა. სწორედ ამავე წელს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ მისი ბიძა, ფრიდონ თათოშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.

ჯამში, ფრიდონ თათოშვილმა ადიგენის მერიიდან 261 068 ლარი მიიღო, მარტო ამ პროგრამის ფარგლებში, 2022–2024 წლებში. ასევე, 2023 წელს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა შოთა ყულჯანიშვილის სიდედრი, ნანული აფრიამაშვილი, რომელსაც ადიგენის მერიამ 2023–2024 წლებში 4 გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა. Ეს შესყიდვები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, არ მოიცავდა, თუმცა 2023 წლის ნოემბერში, ნანული აფრიამაშვილმა, ტენდერით 38 000 ლარად შეასრულა სოფელ უდის ადმინისტრაციის ოფისის რეაბილიტაცია, ანუ მოაწყო ის შენობა, სადაც მისი სიძე მუშაობს [NAT230020835].

Სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ნომერზე ფრიდონ თათოშვილის ნაცვლად ჯუმბერ ქიმაძემ გვიპასუხა.

 იოსებ აბულაძე

„სოფლის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, პირდაპირი გზით ტენდერებს  იღებს სოფელ უდის რწმუნებულის თანაშემწეც. იოსებ აბულაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომელია და ამავდროულად, ადიგენის მერიის შესყიდვებს იღებს.  მან, ბოლო ხუთ წელში, ხუთი პროექტი განახორციელა. სამუშაოები შეასრულა სოფელ უდეში და ასევე მის თემში შემავალ სოფელ ზაზალოში. ჯამში, აბულაძემ 87 300 ლარზე მეტი აიღო, წელიწადში, საშუალოდ – 17 460 ლარი.

მას შემდეგ, რაც იოსებ აბულაძემ ჩვენი შეკითხვა მოისმინა, გვითხრა: “Არ მცალია, კომბაინზე ვარ და არ მესმის”.

ბადრი ვაშაყმაძე

აბულაძის მსგავსად, მუნიციპალიტეტში დასაქმებული და მერიის შესყიდვებში მონაწილეობს ბადრი ვაშაყმაძეც. იგი 2021 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამავდროულად, საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბადრი ვაშაყმაძეს ადიგენის მუნიციპალიტეტმა 2019–2024 წლებში, გამარტივებული წესით, ხუთი შესყიდვა გაუფორმა, საერთო ჯამური ღირებულებით – 45 000 ლარი.

2021 წლის ივლისში მიღებული ბოლო ორი შესყიდვიდან სამ თვეში კი, ბადრი ვაშაყმაძე  ადიგენის საკრებულოში შევიდა როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი. მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას მისი შვილი, ნუგზარ ვაშაყმაძე აგრძელებს.

 ბადრი ვაშაყმაძე იმ დეპუტატთა სიაშია, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია დარღვევით შეავსეს. TI -ს კვლევის მიხედვით, 2023 წლის 22 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმეა, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის დარღვევაა. მან ადიგენის საკრებულოში ყოფნის პერიოდში, 2021 წელს, ადიგენის მერიიდან 2 პირდაპირი შესყიდვით 25,000 ლარი მიიღო.

ასევე ვაშაყმაძე დეკლარაციაში უთითებს რომ შვილი, ნუგზარ ვაშაყმაძე მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა მალავს მის შემოსავალს და წერს, რომ 2022 წელს ნუგზარ ვაშაყმაძის შემოსავალი 0 ლარი იყო, მაშინ როცა, ამავე წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული 4 პირდაპირი შესყიდვით, ნუგზარ ვაშაყმაძემ 43,430 ლარი მიიღო. ჯამში, დეპუტატის ოჯახმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2 წელში, 68,430 ლარი მიიღო.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ბადრი ვაშაყმაძე კოოპერატივ „ნამინაურის“ დირექტორია. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ
პირში.

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეწარმე საერთოდ არ ვარ, მეწარმეობა გაუქმებული მაქვს. Მაგ შესყიდვების შესრულებისას საკრებულოს წევრი არ ვიქნებოდი, 2021 წლის ოქტომბერში იყო არჩევნები და ეგ უფრო ადრე იქნება გაკეთებული და რომც ამეღო მერე რა? არანაირი ინტერესთან კონფლიქტი არ არის, თქვენ ქმნით ინტერესთა კონფლიქტს”, – გვითხრა ბადრი ვაშაყმაძემ.

მამუკა გელაშვილი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხუთ წელიწადში ათი პროექტი განახორციელა ინდივიდუალურმა მეწარმე მამუკა გელაშვილმა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ადიგენის სასპორტო სკოლის თანამშრომელია.

ამავე დროს, მამუკა გელაშვილი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. მან ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში 170 500 ლარზე მეტი აიღო, ანუ საშუალოდ, წელიწადში 34 110 ლარი.

სატელეფონო საუბრისას მამუკა გელაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ადიგენის ააიპ–ში ნამდვილად მუშაობს, თუმცა ტენდერებთან დაკავშირებული კითხვის შემდეგ ტელეფონი პასუხის გაცემის გარეშე გათიშა.

ფოტო:მამუკა გელაშვილი  სოზარ სუბართან ერთად

 ლელა სულამანიძე

ადიგენის შესყიდვების რაოდენობით, ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა ინდივიდუალური მეწარმე ლელა სულამანიძე. მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მან 11 პროექტი განახორციელა, თითქმის იმდენივე, რაც მერის ძმამ და მისმა შვილმა. ჯამში, სულამანიძემ 96 800 ლარზე მეტი აიღო. თუმცა ეს მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში. ადიგენის მერიის მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერებში მას ბოლო ხუთ წელში,  300 000 ლარამდე აქვს აღებული. ასევე ტენდერებში მონაწილეობდა მისი ქმარი, რატი აკოფოვი, რომელმაც ადიგენის მერიიდან 5 წელში ტენდერების გზით 30 000 ლარამდე მიიღო.

11 პირდაპირი შესყიდვიდან, რომელიც სულამანიძემ ადიგენის მერიიდან მიიღო, 4 შემთხვევაში მისი მინდობილი პირი ვაჟა კავთელაძეა (წარსულში აკოფოვი), რომელიც სულამანიძის მამამთილია. Სულამანიძის დედამთილი კი, მზია ჭიღლაძე,  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მონაწილეობს “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ აქტივობებში. 

საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად “სამხრეთის კარიბჭე” ლელა სულამანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა რომ მის სახელს უბრალოდ იყენებდნენ და რეალურად ტენდერებს სხვა იღებდა: “უბრალოდ, სახელად იყენებდნენ ჩემს სახელს, თორემ მე არ ვაკეთებდი მაგ ყველაფერს, ჩემი მამამთილი საქმიანობდა და ახლა აღარ საქმიანობს”.

კითხვაზე მამამთილი, ვაჟა კავთელაძე რატომ არ იღებდა ტენდერებს საკუთარი სახელით გვპასუხობს: “რაღაცა მიზეზების გამო, არ შეეძლო თავისი სახელით აღება. ჩემი მამამთილი ხელოსანია და ყველაფერს აკეთებს. წლებია ადიგენში ცხოვრობს, სანდო პიროვნებაა და მაგიტომ ენდობიან”, – ამბობს სულამანიძე.

ფოტო: ვაჟა კავთელაძე (აკოფოვი),მზია ჭიღლაძე და ლელა სულამანიძე

ადიგენის მერიის არგუმენტი

ჩვენ მიერ ნახსენები ადამიანები, ის ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რომლებიც შესყიდვების მაღალი რაოდენობით გამოირჩევიან და ამავდროულად, კავშირი აქვთ „ქართული ოცნებისა“ და ადიგენის მუნიციპალიტეტთან. თუმცა ეს ჩამონათვალის მხოლოდ ერთი ნაწილია.

 ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ თითქმის ყოველ წელს, ეს ადამიანები იღებენ შესყიდვებს და გაურკვეველია, რა სახის შეფასების სისტემით ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტი, მაშინ, როცა კონკრეტულ ინდივიდუალურ მეწარმეს/კომპანიას არჩევს. ამ კითხვით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ და გავუგზავნეთ იმ ინდივიდუალურ მეწარმეთა და შპს– ების სახელები და გვარები, რომლებიც მუდმივად ასრულებენ ტენდერებს. მუნიციპალიტეტის მერიისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„თქვენს მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციები, რომლებსაც შესრულებული აქვთ, ან/და ასრულებენ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამშენებლო სამუშაოებს, მათი შერჩევა ხდება უშუალოდ სოფლის მოსახლეობის მიერ მშენებელი ორგანიზაციების გამოცდილების, კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც შესრულებული აქვთ, ან/და ასრულებენ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვას, რეგიონის მასშტაბით ადგილობრივ ორგანიზაციებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინებები მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ, შესაბამისად ხელშეკრულებები უფორმდება ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც გამოხატავენ მზაობას განახორციელონ საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად“, – წერია მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ნამდვილად მოსახლეობა ირჩევდა თუ არა მშენებელ კომპანიებს და რამდენად ხარისხიანად შესრულდა სოფლებში სამუშაოები, ამის გასარკვევად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს ვესტუმრეთ.

ვის და რას ირჩევს ხალხი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაში 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტად სკვერის მშენებლობა შეირჩა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით  ფრიდონ თათოშვილმა აიღო. ამასთან, ამ ერთი სკვერის მშენებლობა პრიორიტეტი იყო, როგორც 2022 წელს, ასევე 2023 წელსაც.

2022 წლის პროექტის მიხედვით, დაახლოებით 16 000 ლარის ფარგლებში, თათოშვილის სამუშაოში შედიოდა:

–        გრუნტის დამუშავება ადგილზე;

–        20 სმ ღორღის ბალიშის მოწყობა;

–        რკ/ ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა;

–        ქვის კედლის მოწყობა;

–        ქვის ფილის მოწყობა;

–        ლითონის კონსტრუქციის მოწყობა მონტაჟი.

მიღება–ჩაბარების აქტის მიხედვით, თათოშვილმა დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და შესაბამისი ანაზღაურებაც 2022 წელსვე მიიღო.

მიუხედავად ამისა, 2023 წელს, ამავე სოფელში პრიორიტეტად კვლავ სკვერის მოწყობის სამუშაოები შეირჩა  და საპროექტო დოკუმენტაციაშიც ზუსტად იდენტური მოთხოვნები გაიწერა, რაც 2022 წელს იყო:

„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაში სკვერის მოწყობის სამუშაოების პროექტი მოიცავს:

I.   გრუნტის დამუშავება ადგილზე

II.    20 სმ ღორღის ბალიშის მოწყობა :

III.   რკ/ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა

IV.   ქვის კედლის მოწყობა

V.   ქვის ფილის მოწყობა

VI.   ლითონის კონსტრუქციების მოწყობა მონტაჟი“.

ამჯერად, შესყიდვის თანხა გაორმაგდა და 30 000 ლარით განისაზღვრა, შემსრულებლად კი კვლავ ფრიდონ (ფედია) თათოშვილი შეირჩა. მან სამუშაოები 2023 წელსვე დაასრულა და 30 000 ლარზე მეტიც აიღო.

რა გააკეთა ადგილზე ფრიდონ თათოშვილმა და რატომ დასჭირდა სკვერის მოწყობის სამუშაოებს ოთხი წელი, ამის გასარკვევად სოფელ პატარა სმადას ვესტუმრეთ.

სოფლის ცენტრში ახლადმოწყობილი სკვერი ნამდვილად დაგვხვდა. ქვის კედლებით, კედლების გაყოლებაზე კი ჩამწკრივებული სკამებით. მოხრეშილ ტერიტორიაზე სხვა არაფერია, მათ შორის არც ჩრდილი, არც საქანელა ან სხვა რაიმე გასართობი.

სკვერის მიმდებარედ ფანჩატური დგას, სადაც როგორც აქაურებმა გვითხრეს ახალგაზრდებიცა და ასაკოვნებიც თავს იყრიან.  მათი თქმით, სკვერს ვერ იყენებენ, რადგან ბავშვებისთვის – რაიმე გასართობი არ არის, ასაკოვნებისთვის – ჩრდილი, ახალგაზრდებს კი ფანჩატურში „კარტის“ თამაში ურჩევნიათ.

„არაფერია გაკეთებული, სკამებია მარტო და როგორ უნდა გამოვიყენოთ?! სასრიალო უნდათ ბავშვებს, საქანელა, რამე… „ბირჟაზე“ უფრო ხშირად ვზივართ, იქ–არა“, – ამბობს გოჩა სახამბერიძე.

არც სახამბერიძემ და არც მისმა თანასოფლელმა გიორგი ცუხიშვილმა არ იციან ვინ შეასრულა სკვერის მოწყობის სამუშაოები, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მშენებელ ფრიდონ (ფედია) თათოშვილს საერთოდ არ იცობენ – შესაბამისად, მშენებელი მათ არ აურჩევიათ.

კითხვაზე, იყვნენ თუ არა სოფლის კრებაზე, როცა სკვერის მოწყობა შეირჩა პრიორიტეტად, იხსენებენ, რომ არ ყოფილან, რადგან ხშირად ასეთ კრებებს მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები ესწრებიან.

სოფელში მცხოვრები რაჟდენ ტყემალაძე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში გამართულ სოფლის კრებებს რეგულარულად ესწრება. კითხვაზე, ვინ შეარჩია სკვერის მშენებლობა გვპასუხობს: „ყველა სოფელში აკეთებდნენ და აქაც გააკეთეს, რა ვიცი…“ მისივე თქმით, ყოველ წელს მშენებელს თავად ადიგენის მერია ირჩევს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: „ეს სკვერი ბოლაჯურელმა გააკეთა, გამგებლის ძმა იყო, მაგრამ არ არის ეს ჯერ დამთავრებული… ალბათ გაალამაზებენ… ჩვენ არა, მაგრამ ახალგაზრდები შედიან, ალბათ ღამე, თორე დღე არავინ შევა ამ სიცხეში იქ, ხე არ არის და არაფერი… როდის დასრულდება არ ვიცი, დაასრულებენ ალბათ“…

როდის დაასრულებენ 2022 წელს დაწყებულ სკვერს, რომლის მოწყობაშიც უკვე 45 000 ლარზე მეტი დაიხარჯა  – ამის გასარკვევად სატენდერო დკუმენტაციაში მითითიებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკეთ. Დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ ნომერი ფრიდონ თათოშვილს ეკუთვნოდა. Დარეკვისას კი აღმოჩნდა, რომ ამ ნომერზე ადიგენის მერის ძმის შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ გვიპასუხა და სამუშაოების შესახებაც პასუხი გაგვცა:

“Შარშან დასრულდა სკვერის მშენებლობა, მაგრამ არ არის ბოლომდე დამთავრებული. Სოფლის პროგრამით გაკეთდა, Ეტაპობრივად ტარდება ხოლმე სამუშაოები, ყოველწლიურად. Მე რაც მქონდა დასამთავრებელი, ის დავამთავრეთ. Როგორც ვიცი, შემდეგ წელს კეთდება ატრაქციონები. Პირველ ეტაპზე კედლის ნახევარი სამუშაები დამთავრდა, მეორე ეტაპზე – ნახევარი. Სოფელს რაც ჰქონდა გამოყოფილი ფული ის დაიხარჯა”, – გვითხრა ჯუმბერ ქიმაძემ და ტელეფონი გათიშა.

 

დიდი სმადა

Დიდ სმადაში ხუთი წლის განმავლობაში პრიორიტეტად სარწყავი წყლის არხის მოწყობა და გარე განათება სახელდებოდა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ სოფლისთვის გაოყოფილი თანხით ხშირად მუნიციპალიტეტი იმას აკეთებს, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია.

Მათივე განმარტებით, Დასახლების ერთ–ერთ უბანში დაახლოებით ერთკილომეტრიანი გზის მოწყობა სურდათ და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ეს საკითხი პრიორიტეტადაც დააყენეს, თუმცა ვერც პროგრამით და ვერც მის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდა.

„ჩვენს დასახლებაში მუხლამდე წყალი დგება. 70  წლის ქალი ვარ და რაც თავი მახსოვს ამ გზას ვითხოვ და არცერთმა გამგებელმა ნებართვა არ მოგვცა – თანხა არ არისო. სოფლის კრებაზეც ვიყავით, ჩასმული იყო რომ ეს გზა უნდა გაკეთებულიყო, მერე შეცვალეს და გააკეთეს ეს საქანელა [საბავშვო სკვერი]. თვითონ გამგებელმა გვითხრა, რომ ხალხმა თქვა უარი და გვინდა საქანელებიო. იმ ადგილზე, სადაც საქანელაა გაკეთებული, 3 ბავშვი ცხოვრობს, მეტი არა და 3 ბავშვიც ამ უბანში გვყავს, მეტი ბავშვი ამ სოფელში არ არის. ჩვენ კიდევ ამ გზით დავიღალეთ, არადა ეს გზა ცენტრალურ გზას უერთდება.  ყველა გამგებელს მივმართე. ხან მითხრეს თქვენ ყანებში ცხოვრობთო, ხან მითხრეს თანხა არ არისო“, – ამბობს დიდ სმადაში მცხოვრები ლიანა ხარშილაძე. მისივე თქმით, წვიმის დროს სახლამდე მისვლა რომ შესძლებოდათ, მეზობლებმა საწვავის თანხა 20–20 ლარი თავად აკრიფეს, შემდეგ მეორეული, ცენტრალურ გზაზე აყრილი ასფალტი, რომლის მაგივრადაც ახალს აგებდნენ, უბანში ამოიტანეს და დაყარეს, თუმცა პრობლემა ამით მხოლოდ დროებით მოგვარდა.

„აქ 10–15 მოსახლე ვცხოვრობთ და ყველა ერთად ვამბობთ, რომ გზა–კვალი გვინდა და ასევე  სასმელი წყალი“.

სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აქვს, თუმცა ეს საკითხი „საოფლის დახმარების პროგრამაში“ ვერ მოხვდა. აქ 2019, 2020, 2021 წლებში – 3–ჯერ პრიორიტეტად ერთი და იგივე საკითხი –  სარწყავი წყლის არხის მოწყობა იდგა, 2022, 2023 წლებში კი  პრიორიტეტად გარე განათება შეირჩა.

გარე განათების ორივე პროექტი ფრიდონ თათოშვილმა შეასრულა, სარწყავი არხის სამი პროექტი კი მამა–შვილმა, ჯემალ და ჯუმბერ ქიმაძეებმა.

სარწყავი არხის მოწყობა 37 700 ლარზე მეტი დაჯდა, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ ამ მხრივ ისევ პრობლემა აქვთ.

„სოფლის კრება ტარდება ხოლმე. გამგებელი მოდის და გვაგებინებს. ასე 10–12 გლეხი ვესწრებით, მაგრამ ზოგს ეს უნდა რომ გაკეთდეს, ზოგს – ის. სარწყავი წყალი ხალხის არჩევანი იყო, მაგრამ ვერ გააკეთეს ბოლომდე, საგუბარი გასკდა და გაფუჭდა, ახლა ხელმეორედ რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი ვისი კომპანია იყო, „ბულდოზერით“ იყვნენ მოსულები. წელს ერთხელ მოვრწყე კარტოფილი, საგუბარი დაზიანებულია და გამკეთებელი არავინაა. სასმელი წყალიც ჭირს აქ. ამ წუთში არაყივით მოდის, არადა ბევრი წყალი იკარგება ზემოთ, იძახიან გავაკეთებთო“, – ამბობს ომარ ძინძიბაძე.

ჭელა

ადიგენის სოფელ ჭელაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2019 და 2020 წლებში, ორჯერ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა აირჩიეს. აქაურები ამბობენ, რომ საკითხი ნამდვილად სოფლის კრებაზე შეირჩა:

„ცენტრალურ გზაზე გარე განათება სახელმწიფომ გაგვიკეთა და სოფლის პროგრამით უბნებში გავაკეთეთ. ვინ შეასრულებდა სამუშაოებს ჩვენ არ აგვირჩევია, როგორც ვიცი, ტენდერზე იდო და იქიდან აირჩა“, – ამბობს ჭელაში მცხოვრები გურამ სურმანიძე.

 ჭელაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები ორივეჯერ ინდივიდუალურმა  მეწარმემ ნანული შანთაძემ შეასრულა – ჯამურმა თანხამ თითქმის 24 000 ლარი შეადგინა. შანთაძეს სხვა შესყიდვები არ უფიქსირდება. იგი როინ აბულაძის დედაა, რომელიც ადიგენში, მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის ბიუროს ხელმძღვანელობს და ადიგენის საკრებულოს სხდომებსაც რეგულარულად ესწრება.

ფოტო:სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი და როინ აბულაძე

 ჭეჭლა

 ჭელის მეზობლად, სოფელ ჭეჭლაში სასმელი წყლის საკითხი სამჯერ გახდა პრიორიტეტული. აქ შესყიდვები გაფორმდა: 2020 წელს – სასმელი წყლის ქსელის მოწყობაზე, (ხელშეკრულება ძალაში იყო 2022 წლამდე),  2021 წელს –  სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია (ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლამდე) , 2023 წელს – სასმელი წყლის სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია.

 სამუშაოები სამივეჯერ სხვადასხვა ინდივიდუალურმა მეწარმემ შეასრულა, ჯამში – 27 000 ლარის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, სასმელი წყალი სოფლისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს:

 „კი გაკეთდა, მაგრამ ყოველ ზაფხულში გვიწყდება წყალი, ამ გაზაფხულზეც დაწყვეტილი იყო და აკეთებდნენ. აქ მთიდან არის ძირითადად გადმოყვანილი წყლები და სათავეზეა ხოლმე პრობლემა, რაღაცა სულ ფუჭდება“, – ამბობს როლი მგელაძე. კითხვაზე, ესწრება თუ არა კრებებს, სადაც სოფელში მოსაგვარებელი საკითხი უნდა შეირჩეს, გვპასუხობს, რომ არა:

 „ჩვენ, ქალები იშვიათად მივდივართ, ძირითადად კაცები ესწრებიან მაგ კრებებს.   ქალების მცდელობა ერთი ის იყო, რომ გვინდოდა სოფელში ცეკვის მასწავლებელი მოგვეყვანა, რადგან ბევრი ბავშვია, და ამისთვის დარბაზის გაკეთება გვინდოდა. გვაქვს შენობა, ძველი საქორწილო დარბაზი [რიტუალების სახლი], რომელიც არავის არაფერში არ გამოუყენებია, არც არაფერი გადაგვიხდია იქ და ეგ გვინდოდა კულტურის სახლად გვექცია, მაგრამ არ მოხერხდა“, – მისივე განმარტებით, სოფელში არ აქვთ საბავშვო ბაღი ან ბავშვებისთვის გასართობი სკვერი.

 ჭეჭლაში მცხოვრები ჯამბულ შავაძე სასმელი წყლის საკითხის არჩევისას კრებაზე თავადაც იყო. ამბობს, რომ ბევრი რამის გაკეთება უნდათ დასახლებაში, თუმცა სასმელი წყალი უპირველესია და ამიტომ თანხაც სულ ამაზე იხარჯება:

 „სასმელ წყალზე სულ გვაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ თავიდან როცა გაგვიკეთეს კარგად არ გაკეთდა და ახლა ვასწორებთ თანდათან. არ იყო იმდენი თანხა და არავინ გააკეთა საქმე კარგად“, – იხსენებს ჯამბული.

 სასმელი წყლის გარდა, სოფელ ჭეჭლაში 2019 წელს და 2020 წელს, 2–ჯერ პრიორიტეტად შეირჩა შიდა გზების მოხრეშვა.

 2022 წელს კი სოფელში არსებული ერთი ქრისტიანული და ორი მუსლიმური სასაფლაოს შემოიღობა.

შედეგი

ბოლო ხუთ წელში, ადიგენის მერიამ მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვით, სულ მცირე 1.5 მილიონ ლარზე მეტი მისცა საკუთარ მხარდამჭერებს: „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებს/მათ ნათესავებს. კონკრეტულ ინდივიდუალურ მეწარმეს ან შპს–ს ასარჩევად ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარტივებული შესყიდვები, რომ კორუფციის რისკებს შეიცავს, ამაზე არაერთი ორგანიზაციის მკვლევარი საუბრობს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ასეთი გამარტივებული წესით, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტი  ყოველწლიურად რამდენიმე ათას პროექტს შეისყიდის, რაზეც თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

 „კონკურენტულ პროცედურებთან შედარებით, გამარტივებული შესყიდვა ყოველთვის ატარებს კორუფციის მომეტებულ რისკს, რადგან მისი გამოყენების დროს არაგამჭვირვალედ და უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა. შემსყიდველს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს კომპანია შეარჩიოს ფასისა და ხარისხის მიღმა არსებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც პოტენციურად უსამართლო ანდა უკანონო შეიძლება იყოს. გამარტივებული შესყიდვის დროს ასევე იზრდება ფარული გარიგებების არსებობის რისკი.

მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს 40 მილიონის საერთო ღირებულების რამდენიმე ათასი კონტრაქტი სწორედ ამ გზით გაიხარჯოს, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი“.