ბექა პირველი შიდა ქართლში 2022 წლიდან დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობს. რადიო NOR-თან საუბრისას გვიყვება, რომ ეს კანონი პრობლემურია და საფრთხის შემცველია, როგორც კონკრეტული მედიასაშუალებისთვის, ასევე იქ დასაქმებული თავისუფალი ჟურნალისტებისთვისაც.
“კანონი “აგენტების შესახებ” დაუძლეველი სირთულეების შექმნის წინააპირობა, რადგან თავისუფალი ჟურნალისტები და მედიის სფეროში დასაქმებულები დამოკიდებულები არიან ხშირ შემთხვევაში სწორედ დონორებზე და მათი დაფინანსებით არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს იქნება იურიდიული მხარდაჭერა თუ სხვა ნებისმიერი რამ, როდესაც ჟურნალისტებს დახმარება სჭირდებათ საკუთარი უფლებების დასაცავად”, – ამბობს ბექა პირველი.
“ვხედავთ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტები უფრო დაუცველები ხდებიან და მათ მიმართ აგრესიაც მატულობს. მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით.
მაღალმთიან რეგიონებში და საოკუპაციო ზონასთან არსებულ სოფლებში მნიშვნელოვანია თავისუფალი ჟურნალისტების საქმიანობა, მათი პროფესიული და დამოუკიდებელი ქმედებები.
ეს ჟურნალისტები არიან სწორედ ისინი ვინც საუბრობს ადამიანების პრობლემების შესახებ. ისინი აშუქებენ მოვლენებს და ამ გზით საზოგადოება ესაუბრება ხელისუფლებას.
ამ ხალხის პრობლემები ცენტრალურ ხელისუფლებამდე ხშირ შემთხვევაში სწორედ ჟურნალისტების დახმარებით მიდის ხოლმე. იგივე ხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დროსაც. შედეგად, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები ხშირ შემთხვევაში იძულებულები ხდებიან რეაგირება მოახდინონ ამ პრობლემებზე.
სოციალური თუ საზოგადოებრივი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში და რეგიონებში იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები.
პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სოფლებში და რაიონებში მყოფნი ვერ ახერხებენ კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გამგებელთან, მერთან… მათ არა აქვთ ამის რესურსი, ან უბრალოდ არც კი იციან ვინ არიან ისინი. აი სწორედ ამ ტიპის მედიასაშუალებების და თავისუფალი ჟურნალისტების, ადგილობრივი ჟურნალისტების მეშვეობით გადიან მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგზე.
ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოფლად მცხოვრები ადგილობრივ ხალხისთვის, რომ იყოს თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემო.
მორიგჯერ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მაღალმთიანი სოფლების კვიდრთა სირთულეების გაშუქება, მათ შორის იქ, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა ცხოვრობს და არის ენობრივი ბარიერები. ზუსტად აქ არის საჭირო მრავალფეროვანი მედია რესურსის მუშაობა”, – ამბობს ბექა პირველი.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონი“ მიიღო.
კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუს მიანიჭებს. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა ( 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან).
ვრცლად რადიო Nor-თან შიდა ქართლის დამოუკიდებელი ჟურნალისტი; ბექა პირველი