ლალი ფნჯოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკიდან არის. იგი 20 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ლალი არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” მოხალისე იყო წლების განმავლობაში და 2021 წელს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსა.
“2021 წელს სოფელ ფოკაში ახალგაზრდული სათემო ცენტრი “Level Up” დავაარსე. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” დახმარებით შევძელით. უკვე სამი წარმატებული პროექტი გვქონდა. ორი მათგანი ახალგაზრდებთან და ქალებთან
ერთად განვახორციელეთ, ხოლო 2024 წელს ადვოკატირების კამპანია წამოვიწყეთ და ადგილობრივ თვითმართველობას სოფლის გზის მშენებლობისკენ ვუბიძგეთ.
ყველა ბავშვს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტრენინგებში ჩაერთოს და მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, რადგან ტრენინგების უმეტესობა ფასიანია და ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აქვთ ამ ბავშვებს ეს შესაძლებლობა, თუ ამ კანონიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ იარსებებენ, ბევრ შესაძლებლობებს დავკარგავთ”, – ამბობს ლალი.
“ასოციაცია ტოლერანტი”, სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც რუსული კანონის თანახმად ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც უცხოური გავლენის ძალა.
რადიო NOR-ი გაესაუბრა “ასოციაცია ტოლრანტის” დირექტორს ცირა მესხიშვილს და გაარკვია – ორგანიზაცია არ აპირებს დარეგისტრირებას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად”.
“ასოციაცია ტოლერანტი” ფინანსურად ამ კანონის გარეშეც გამჭვირვალეა”, – ამბობს ცირა მესხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონი“ მიიღო. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუს მიანიჭებს. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
კანონით გათვალისწინებული დიდი ჯარიმების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის აბსოლუტური უმრავლესობა “რუსული კანონით” შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა ( 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან).
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში;ლალი ფნჯოიანი არასამთავრობო ორგანიზაცია Level UP-ის დამაარსებელი