“არაფორმალური განათლების გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნება”- ქრისტინე ოქროიანი

“არაფორმალური განათლების  გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნება”- ქრისტინე ოქროიანი

ქრისტინე ოქროიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ კარტიკამიდან არის. იგი 20 წლისაა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო კოლეჯში სწავლობს.

ქრისტინე სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრენინგსა თუ აქტივობებში 2021 წლიდან არის ჩართული და ამჟამად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფართან” – იგი სოფელ განძის Facebook და Instagram გვერდებს მართვას, წერს სტატიებს და აქვეყნებს ვიდეოებს.

“არაფორმალური განათლება ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხარისხიანი და კარგი განათლება მივიღოთ.

სამწუხაროდ ამას ყველა ვერ ახერხებს. არაფორმალური განათლება კი ამ მხრივ კარგი შესაძლებლობაა. იგი გვაძლევს ახალ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სხვებისთვის გაზიარების საშუალებას. 

უპირველესად – არაფორმალური ტრენინგები სოფელში მცხოვრებ გოგონებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ დასახულ მიზნებს”, – გვიყვება ქრისტინე.

“არასამთავრობო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების ცხოვრებაში. გამიჭირდება სათითაოდ იმის ჩამოთვლა თუ რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის. 

არაფორმალური განათლების გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ არამხოლოდ განათლებას ვიღებთ, არამედ ვსწავლობთ თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. წელს მონაწილეობა მივიღე საზაფხულო სკოლაში, რომელიც ექვსი დღე გრძელდებოდა. ჯგუფებად ვიყავით დაყოფილიდა სხვადასხვა აქტივობებს ვასრულებდით.

ერთმანეთს ბევრი ცოდნა გავუზიარეთ და რაც ყველაზე მთავარია ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ. ასევე მასსმოდელირების პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, მე რუმინეთის დელეგატი ვიყავი და 45 წამის განმავლობაში ვცდილობდი მესაუბრა ჩემს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. ეს რთული იყო, მაგრამ ეს შევძელი. მადლობელი ვარ იმ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლებიც ატარებენ მსგავს ტრენინგებს და ახორციელებენ მსგავს პროგრამებს”, – ამბობს ქრისტინე რადიო NOR-თან საუბრისას.

შეგასენებთ, არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.

ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის განხილვა დასრულდა. პლენუმმა უნდა დაადგინოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა არსებით განხილვებს. ახლა ყველა, არასამთავრობო სექტორიც და მედიაორგანიზაციებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში; ქრისტინე ოქროიანი

Radio NOR · Oqroian