ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას მკვიდრმა, რემიკ პოღოსიანმა, რომელიც 7-8 წელია დაკავებულია სოფლის მეურნეობით, უფრო კონკრეტულად კი კარტოფილის მოყვანით. “რადიო ნორთან” საუბრისას ფერმერი გვიყვება ამ სფეროში მუშაობის, გამოცდილების და სირთულეების შესახებ.
პროფესიით ეკონომისტი რემიკ პოღოსიანი 35 წლისაა. იგი სწავლობდა ფინანსებსა და საბანკო საქმეს. ოჯახთან ერთად წლებია სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ჯერ მამამისი, შემდეგ კი რემიკმა განაგრძო ეს რთული და საპასუხისმგებლო ოჯახური ბუზნესი. ხუმრობს, რომ ფერმერია ჯერ კიდევ მესამე კლასიდან.
– “ბოლო ორი წელია კარტოფილის ფასი საკმაოდ დაბალია. ამ წელს კარგი კარტოფილი სულ რაღაც 55-65 თეთრი ღირს. ფასების კლება გამოწვეულია რუსეთიდან კარტოფილის იმპორტით, რის გამოც ფერმერი პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად ვერ ყიდის. ამ გამოწვევის წინაშე მომავალ წელსაც დავდგებით.
ევროპული ქიმიკატები, სასუქები, თესლი და სხვა აუცილებელი რამ ბევრად ხარისხიანი, უვნებელი, ვიდრე რუსული და ჩვენთვის, ფერმერებისთვის ეს ბაზარი რომ დაიხუროს, სავალალო იქნება. თავად კარტოფილი რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიტანეთ, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე გასვლის საშუალება ჯერ არ გვქონია. მოსავლის აღებამდე ხარისხიანი კარტოფილის მოყვანის პროცესი საკმაოდ ძვირია, თვითღირებულებაა მაღალი”, – ამბობს რემიკ პოღოსიანი.
“რუსული კანონი” აშორებს საქართველო ევროპისგან და ამ შემთხვევაში ჩვენი სექტორიც ზარალდება. მაგალითად, ახალქალაქის აგრო-კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან თესლის ან აღჭურვილობას ინპორტით, ამ კანონის პირობებში იძულებულნი იქნებიან დაიხურონ. რატომ? ისინი ხომ ევროპიდან იღებდნენ დაფინანსებას და არ უნდათ აგენტად დარეგისტრირება. თუ რუსეთის გავლენა საქართველოში გაიზრდება, სოფლის მეურნეობას კარგი მომავალი არ ექნება”.
დამატებითი დეტალები ჩვენს აუდიო ჩანაწერში.
შეგახსენებთ, არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული “რუსული კანონი” 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწესდა არაერთი სანქცია აშშ-სა და ევროპის მხრიდან. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“ და მის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.