„ევროპის ქვეყნებში სწავლისას ეცნობი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელს, სწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, იღებ ახალ ცოდნას და გამოცდილებას“ – ჯივან მკრტჩიან

„ევროპის ქვეყნებში სწავლისას ეცნობი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელს, სწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, იღებ ახალ ცოდნას და გამოცდილებას“ – ჯივან მკრტჩიან

 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება და სწავლა უნიკალური გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ამ გამოცდილებას მნიშვნელოვნად შეუძლია გააფართოვოს მათი თვალსაწიერი. ამჟამად ბევრი ნინოწმინდელი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ასეთ სასწავლო პროგრამებში. ჯივან მკრტჩიანიც ერთ-ერთი მათგანია.

ჯივანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკიდანაა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი პროგრამები ბევრის მომცემია, “ეცნობი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელს, სწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, გეცვლება მსოფლმხედველობა, იღებ ახალ ცოდნას და გამოცდილებას. ასევე, ინგლისური ენის გაუმჯობესების  თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია”

რადიო ნორთან საუბრისას ჯივანი ამბობს, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით,  სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისათვის მთავარი სირთულე და გამოწვევა, ენის არცოდნაა. “ევროპის ქვეყნებში ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე საუბრობენ.. რუსული არ არის გავრცელებული. ამასთან, კიდევ ერთი სირთულე შეიძლება იყოს განსხვავებული ღირებულებები ჩვენს ახალგაზდებში” 

ამჟამად ჯივან მკრტჩიანი ტრენერად მუშაობს იურიდიული განათლების ცენტრში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებს. რადიო ნორის კითხვაზე, სად ურჩევნია მომავალში მუშაობა და კარიერული ზრდა, ის პასუხობს, რომ „ეს დამოკიდებულია სამუშაოზე, თუმცა საქართველოში ცხოვრება და მუშაობა მისთვის პრიორიტეტია“.