ხანგრძლივი და მრავალათასიანი პროტესტის ფონზე მიღებული კანონის აღსრულება საქართველოში დაწყებულია. ე.წ. რუსულ კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. ეს ქართული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
ახლა ყველა, არასამთავრობო სექტორიც და მედიაორგანიზაციებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას.
ამ კანონთან დაკავშირებით იურისტ, თეონა მაჭარაშვილს გავესაუბრეთ.
“კანონი, რომელიც მიღებულ იქნა ამ ზაფხულს საქართველოში, პრაქტიკულად არის რუსეთის კანონის ასლი, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთში. ეს კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს არადემოკრატიულად გამოაცხადა. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ 78-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა,
რათა უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში.
ეს კანონი პრობლემურია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად აზიანებს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, აზიანებს საქართველოს, როგორც ქვეყნის რეპუტაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეფუძნება და რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის, რადგან საერთაშორისო ინვესტორების თვალში ქვეყანა არც ისე უსაფრთხოა და რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შექმნის პრობლემებს ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ასევე არ არის უსაფრთხო გარემო თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ეს კანონი აზიანებს თავისუფალ მედიას და თავისუფალ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ემსახურებიან კონსტიტუციის ადამიანის უფლებების დაცვას.
ევროპაში არსებული კანონები ადამიანის უფლებებს ეფუძნება, რათა თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად იყოს დაცული, კანონის სტრუქტურა და კანონის სტრუქტურული ნაწილი ევროპაში სრულიად განსხვავებულია, იქ კანონმდებლობა სულ სხვაა”, – ამბობს თეონა მაჭარაშვილი.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში; იურისტი თეონა მაჭარაშვილი