ლეილი ესოიანი უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო პროგრამაში Erasmus+. ეს არის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამა, რომელიც ახალგაზრდების ევროპის ქვეყნებში სწავლასა თუ ტრეინინგს ითვალისწინებს და ახალი თაობის მიერ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18-დან 30 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ. თუმცა, არის ისეთი პროგრამებიც, სადაც ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
ლეილი ამბობს, რომ ამ პროგრამას სხვადასხვა მიმართულებები აქვს, იქნება ეს სასწავლო, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ტრენინგები. ხანგრძლივობის თვალსაზრისით ის შეიძლება იყოს ერთკვირიანი, სემესტრული ან ერთწლიანი. “გრძელვადიანი პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტები მასპინძელ ქვეყანაში მოხალისეებად მუშაობენ, თანამშრომლობენ სხვადასხვა დაწესებულებებთან (სკოლა, ახალგაზრდული ცენტრი და ა.შ.), სადაც შეუძლიათ მიიღონ გამოცდილება, გაეცნონ ახალ კულტურას..”, ამბობს ლეილი რადიო ნორთან საუბრისას.
რადიო ნორთან საუბრისას ლეილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლა ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასაც. პროგრამაში Erasmus + მონაწილე ახალგაზრდები მასპინძელ ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებსაც ხვდებიან, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს გახდნენ ერთგვარი “ხიდი” თავიანთ და სხვა ქვეყნებს შორის. რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში მათი კარიერული წინსვლისა და საქმიანი ურთიერთობების განსამტკიცებლად.