მეფუტკრეობა სამცხე-ჯავახეთში მნიშვნელოვანი დარგია. ზაფხულში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ალპური ზონა ფუტკრის სკებით ივსება. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, აქ ფუტკარი სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გადმოყავთ, რათა ზაფხულის ბოლომდე მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი თაფლი მიიღონ.
ნორაირ თაზაიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარიდანაა. ის 23 წლისაა. თუმცა მეფუტკრეობას უკვე ექვსი წელია მისდევს.
ნორაირი აღნიშნავს, რომ ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს. ფუტკარზე მთელი ოჯახი ზრუნავს. ამბობს, რომ „ადამიანებმა არ იციან რას მოიცავს ეს საქმე.. ვიღაცას შეიძლება ფუტკარზე ზრუნდა ადვილი ეგონოს..რთულია მეფუტკრეობა…თუმცა თუ შენი საქმე გიყვარს და იცი, ყველაფერი გაცილებით ადვილი ხდება”.
დღეს ჯავახეთში,კერძოთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობით ცოტა ადამიანია დაკავებული. ნორაირი კი მცირე ასაკისა და მძიმე დატვირთვის მიუხედავად სიყვარულით და სიამოვნებით უძღვება საოჯახო საქმეს. ფუტკრის სიყვარული მამისგან ერგო მემკვიდრეობით.
“მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უნდა იმუშაო…რომ მშრომელი ადამიანი ყველაფერს აღწევს. მისი რჩევა გავითვალისწინე და დღეს უკვე გამოცდილი მეფუტკრე ვარ.”
NOR-თან საუბარში ნორაირის მამა, მანველ თაზაიანიც ჩაერთო.
„ნაყოფი ხიდან შორს არ ცვივა. ეს საქმე მეც მამისგან მემკვიდრეობით მივიღე, ჩემმა შვილმა კი ჩემგან. დღეისათვის კი ჩემმა შვილმა ჩემზე მეტი იცის“, ამბობს მანველი.
თაზაიანების ოჯახი ოც წელზე მეტია მეფუტკრეობითაა დაკავებული და ამ რთულ საქმეს სიყვარულით მისდევს. რამოდენიმე წლის წინ მათ ოჯახურ საქმიანობაზე შეაჩერეს, მაგრამ შემდეგ, ისევ დაუბრუნდნენ მეფუტკრეობას. შეიძინეს საჭირო აღჭურვილობა, 11 სკა ფუტკარი, რომელიც უკვე ათჯერ გამრავლდა და გახდა 110 სკა და დღეს საყვარელ საქმეს აგრძელებენ.
ნინოწმინდა ცნობილია მაღალი ხარისხის თაფლით. ალპურ ზონაში წარმოებული თაფლი, რეგიონის მრავალფეროვანი ფლორის დამსახურებით, განსაკუთრებულ თვისებებს იძენს.
ბოლო წლებში გაიზარდა რეგიონიდან თაფლის ექსპორტიც. თაფლზე მოთხოვნაა როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზეც. საქართველოდან თაფლის ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია – ახლო აღმოსავლეთი და ევროპის ქვეყნები.
თუმცა, ამ თაფლის ექსპორტს ბევრი წინაღობა და გამოწვევა აქვს. პირველ ყოვლისა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში საექსპორტო თაფლი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და შესაბამისობაში მოდიოდეს სერტიფიცირების მოთხოვნებთან. პრობლემაა ლოგისტიკური საკითხებიც, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებაზე.
ნორაირი და მამამისი მანველ თაზაიანი მუშაობის დროს
ხარისხის კონტროლისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირების გარდა, წარმატებული ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქციის ბრენდინგიც.
უნდა აღინიშნოს, რომ თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2024, კოოპერატივი „კოდის“ მიერ წარმოებულმა ნინოწმინდის თაფლმა „ალპიდამ“ უმაღლესი ჯილდო, პლატინის მედალი უკვე მეორედ მოიპოვა.
„ვერცხლის მედალი მივიღეთ. ფესტივალში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან და ეს ჯილდო ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.. ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს მეფუთქრე გიორგი მერაბიშვილი რადიო NOR-თან საუბრისას.
გიორგი მერაბიშვილი
თაზაიანების ოჯახის თაფლი ევროპის ქვეყნებში ექპორტზე არ გადის. როგორც მეფუტკრეებმა აღნიშნეს, ამისათვის თაფლი მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ კი არ აქვთ ინფორმაცია, როგორ, სად და რა საშუალებებით უნდა გაიარონ ყველა საჭირო ეტაპი, რომ თაფლი ევროპის ბაზარზე გაიტანონ.