ნინა აგლაძე: “ჩვენი ბრძოლა გრძელდება – ადამიანების უფლებების დასაცავად”

ნინა აგლაძე: “ჩვენი ბრძოლა გრძელდება – ადამიანების უფლებების დასაცავად”

ავტორი რიმა მარანგოზიან.
“საფარი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დიდი ხანია, ქალებისა და ბავშვების უფლებების საკითხებზე მუშაობს და სთავაზობს მათ უფასო იურიდიულ და სხვადასხვა სახის დახმარებას. ორგანიზაცია „საფარი“ აქტიურად მუშაობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ქალბატონი ნინა აგლაძე,“საფარის” კომუნიკაციების მენეჯერი, უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგაოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე. ის გვესაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შეექმნა ორგანიზაციის ფუნქციონირებას რუსული კანონის მიღების შემდეგ.

ის ასევე გამოხტავს “საფარის” მტკიცე პოზიციას რუსული კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გაძლიერებას, ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩახშობა და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას.

აღსანიშნავია ის, რომ ორგანიზაცია დღემდე ,,რუსული კანონის” რეესტრში არ დარეგისტრირდა. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას და რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს.

“ჩვენ არ დავრეგისტრირებულვართ და არც ვაპირებთ დარეგისტრირებას, რადგან არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ჩვენს საქმიანობაში ხელი შეგვიშალოს. ჩვენი საქმიანობა გულისხმობს ქართველი ხალხის დახმარებას, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო თავად არღვევს მათ უფლებებს“, – აღნიშნავს ნინა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირება მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოჯახში ძალადობის გამოვლენის სტატისტიკა მზარდია, როდესაც მზარდია ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების მაჩვენებელი, როდესაც გახშირებულია ქალთა მკვლელობები, ფემიციდი, და ეს ყველაფერი დაუძლეველ პრობლემად იქცა სახელმწიფოსთვის.

“საფარი” და სხვა ორგანიზაციები ახლა გაერთიანებულნი არიან კოალიციაში “ჩემი ხმა,” რომლის მიზანია, არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს და ქართველი ხალხის ნება შეუფერხებლად აღსრულდეს. ნინას მტკიცედ სჯერა, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უარი უნდა თქვას “რუსულ” კანონზე და გააუქმოს ის არჩევნების გზით.

“ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, და დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააუქმებს ამ კანონს.

ქართველი ხალხის უფლებები და მათი ნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, და ვერავინ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ დავიცვათ ეს უფლებები და დავიცვათ თითოეული ხმა არჩევნებზე”, – აცხადებს ნინა აგლაძე.

უცხოური აგენტების შესახებ კანონი: საქართველოში, 2023 წელს შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონი შინაარსობრივად რუსული მოდელის მსგავსია. კანონი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია ან სხვა დაწესებულება, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოური წყაროებიდან, ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც “უცხოური აგენტი.” ეს კანონპროექტი წინააღმდეგობრივია, რადგან მის წინააღმდეგ ფართო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა და საზოგადოების ნაწილი მას ქვეყნის დემოკრატიისთვის საშიშად მიიჩნევს. “საფარი” და მსგავსი უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ კანონის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ის საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის თავისუფალ ფუნქციონირებას.

Radio NOR · Რუსული Კანონი Ნინა Აგლაძეm4a