მედია ეთნიკური უმცირესობებისთვის და კანონი “უცხოური აგენტების შესახებ“

მედია ეთნიკური უმცირესობებისთვის და კანონი “უცხოური აგენტების შესახებ“

ავტორი კრისტინა მარაბიან.
ამ დროისთვის საქართველოში „უცხოური აგენტების“ სიაში იძულებით ხუთამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა შეყვანილი. ამასთან, რეესტრში (დღევანდელი დღის მდგომარეობით) ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 476-ზე მეტმა ორგანიზაციამ წარადგინა. ქვეყანაში კი დაახლოებით 31’000 ორგანიზაციაა, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს.
ამ დროისთვის საქართველოში „უცხოური აგენტების“ სიაში იძულებით ხუთამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა შეყვანილი. ამასთან, რეესტრში (დღევანდელი დღის მდგომარეობით) ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 476-ზე მეტმა ორგანიზაციამ წარადგინა. ქვეყანაში კი დაახლოებით 31’000 ორგანიზაციაა, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს.
ამ 31’000 ორგანიზაციას შორის არიან ისინი, ვინც მუშაობს საქართველოს მოწყვლად რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში. აქ, კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ძირითადად სომხები. მოქმედ ორგანიზაციათა ნაწილი აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა ინტეგრაციაში.
ერთ-ერთი ასეთია საზოგადოებრივი და არამომგებიანი ორგანიზაცია “ღია საზღვრები”, რომელმაც 2014 წელს, უცხოელი დონორების მხარდაჭრით ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი – Jnews.ge შექმნა.
ეს საინფორმაციო პორტალი მოსახლეობას აცნობს როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებს სომხურ, ქართულ და რუსულ ენაზე. JNEWS-ის წყალობით, დიასპორის წარმომადგენლები სომხეთში, რუსეთში, აშშ-ში, ევროპაში და სხვა ქვეყნებში ეცნობიან ამბებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მედიაორგანიზაცია ძირითადათ საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსდება, მაგრამ თავს არ თვლის უცხოური გავლენის აგენტად და არ აპირებს რეგისტრირებას ე.წ. “უცხო აგენტების რეესტრში”.
– „ყოველთვის ვამბობდით, რომ კანონი უნდა დაიცვა და ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვიცავთ ამ კანონებს. მაგრამ, უცებ ჩნდება კანონი პოლიტიკური ელფერით, პოლიტიკური იერსახით… იმედი გვქონდა, რომ არ მიიღებდნენ.
ჩვენ არ ვართ გამჭვირვალობის წინააღმდეგი და მზად ვართ დავიცვათ კანონის ის ნაწილი, რომელიც გამჭვირვალობას მოითხოვს. თუმცა, საკუთარ თავს აგენტებს არ და ვერ ვუწოდებთ“, – განმარტავს რიმა ღარიბიანი, არაკომერციული ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ თავმჯდომარე და Jnews-ის მთავარი რედაქტორი.
ცნობილია, რომ განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის მიზნობრივი პროექტების განსახორციელებლად.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის დაფინანსება ხელისუფლებას აძლევს უფლებას ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში ან გააკონტროლოს ადამიანების პირადი ცხოვრება.
– “საქართველოში, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაფინანსება გულისხმობს კონტროლს ხელისუფლების მხრიდან. იგი ერევა მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია რეგიონული ტელევიზიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან”.
იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ გააგრძელოს მუშაობა, გამოიძიოს კორუფცია ან სხვა კანონდარღვევები, მათი დაფინანსება არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობაზე”, – თვლის გამომცემელი.



ძირითადად სომხური ეთნოჯგუფით დასახლებულ ახალქალაქში აქტიურად მუშაობს 14 ორგანიზაცია, თუმცა ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი.
გარკვეულმა ნაწილმა ნებაყოფლობით წარადგინა დოკუმენტაცია „უცხოური აგენტების“ რეესტრში, ხოლო ზოგიერთი ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმშია. ნაწილი კი საერთოდაც უარს აცხადებს რეგისტრაციაზე.
არიან ისეთებიც, ვინც არ მიიღო დაფინანსება ორი წლის განმავლობაში და მუშაობს მოხალისედ, საკუთარი, პირადი რესურსებითაც კი.
„ამ კანონის იმპლემენტაციის ფონზე, ძნელია იმაზე საუბარი, რა მოხდება შემდეგ. არ მინდა გრძელვადიანი გეგმების შედგენა. მაგრამ, ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, რომელიც ათწლეულზე მეტხანს მუშაობს და ყოველწლიურად ვითარდება, ვაყალიბებთ მომავალ სტრატეგიას.
მიგვაჩნია, რომ თუ ორგანიზაცია მუშაობს მოქალაქეების და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მისი საქმიანობა გრძელვადიანი უნდა იყოს. პოლიტიკური ტალღები უკუქცევადია, მაგრამ ვინც სჭირდება საზოგადოებას, მოქალაქეებს, ქვეყანას – უნდა დარჩეს და მუშაობა გააგრძელოს“, – დასძენს რიმა ღარიბიანი.
რა მოხდა?
2024 წლის გაზაფხულზე, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა სხვადახვა ქალაქში, რათა წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს “უცხოური აგენტების” შესახებ.
თვენახევრიანი და მრავალათასიანი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მაინც მიიღო კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც საზოგადოებაში “რუსულ კანონს” უწოდებენ.
რატომ “რუსული კანონი”?
არაერთი სამოქალაქო ორგანიზაციისა და იურსიტის შეფასებით, კანონი მიახლოებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კანონთან, რომელიც პუტინის მმართველი გუნდის მიერ იყო მიღებული ჯერ კიდევ 2012 წელს, სახელწოდებით „კანონი გარე გავლენის შესახებ“.
პუტინის რუსეთის კანონის თანახმად, მასმედია და ნებისმიერი სხვა არამომგებიანი ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ თავიანთი შემოსავლის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირებულიყვნენ “უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების” სტატუსით.
რუსეთში მიღებულმა ამ კანონმა, წლების მანძილზე, გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა ვლადიმერ პუტინის და მისი გარემოცვის დიქტატურა, მოსპო მმართველი პარტიის კონტროლის მექანიზმი.
ბევრი ორგანიზაცია ჯერ კიდევ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე, შეეწინააღმდეგა და არ დაემორჩილა არაკონსტიტუციური კანონის აღსრულებას. მათი ნაწილი ან გააუქმეს, ან იძულებული გახადეს დაეტოვებინათ სამშობლო და გახიზნულიყვნენ ქვეყნიდან. ვინც ვერ ან არ დატოვა რუსეთი, დაიჭირეს ან მოკლეს.
ამჟამად იგივე პროცესი ვითარდება საქართველოშიც. ორგანიზაციათა უმეტესობა არ დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, მიუხედავად იმისა, რომ კანონის შეუსრულებლობა მათ საკმაოდ სოლუდური ჯარიმით ემუქრება.
საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიულმა პარტნიორებმა (კომუნისტური ჩინეთის გარდა) მკაცრად გააკრიტიკეს ეს კანონი და განაცხადეს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ბაზურ ნორმებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასევე მოიცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რისი დარღვევაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოს წევრობაზე ევროკავშირში, არამედ ვიზალიბერალიზაციაზეც.