“აპრილი მედია”, ქალები და ქვიარ თემი “რუსული კანონის” გამოწვევების წინაშე

“აპრილი მედია”, ქალები და ქვიარ თემი “რუსული კანონის” გამოწვევების წინაშე

9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა “რუსული კანონის” მოქმედება, თუმცა არსებითად განსახილველად მიიღო სასამართლოში შეტანილი ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი.
“უცხოური გავლენის” კანონის კონსტიტუციურობაზე დავობენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის 38 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის არიან “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “უფლებები საქართველო”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და სხვები, ასევე “საინფორმაციო ცენტრების ქსელი” და “სტუდია მონიტორი”.
საკონსტიტუციო სასამართლო 29-დან 31 აგვისტომდე განიხილავდა მოსარჩელეთა არგუმენტებს, რომელთა მიხედვითაც “უცხოური გავლენის” კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. ოთხივე სარჩელი ითხოვდა, კანონი დროებით შეჩერებას, რათა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ორგანიზაციები არ დაზარალებულიყვნენ.
საქართველოში „უცხოური აგენტების“ სიაში იძულებით შეყვანილია ხუთამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია. ამავე დროს, დღევანდელი მონაცემებით, ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 476-ზე მეტმა ორგანიზაციამ წარადგინა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 31,000 ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, რომელსაც სამოქალაქო საზოგადებამ „რუსული კანონი“ უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესირების მექანიზმად მიიჩნევენ. ამ ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები ზღუდავს მათ დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას, მაშინ როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საჭიროა გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება უცხოეთიდან შემოსული ფულის შესახებ.
ამ ორგანიზაციებს შორისაა “აპრილი მედია”, მედიაპლატფორმა, რომელიც აქტიურად მუშაობს ლგბტქია+ და ქალთა უფლებების მიმართულებით. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მედიასაშუალება ყურადღებას ამახვილებს იმ თემებზე, რომლებიც ხშირად ნაკლებად განიხილება ტრადიციულ მედიაში, განსაკუთრებით კი ლგბტქია+ თემისა და ქალთა პრობლემებზე, მათ შორის, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და სოციალური სტიგმის საკითხებზე.
„მედია აპრილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხატია ღოღობერიძე ვრცლად გვიყვება მედიაპლატფორმის მიზანზე, რაც მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში:
– “მედია ყოველთვის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ ეს ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს გავლენის მოპოვებას. მედიის შევიწროებისთვის ყველა ხერხს იყენებენ – იქნება ეს კანონმდებლობის ცვლილება, კონკრეტული პოლიტიკოსების ჩართულობა, თუ ფიზიკური ძალადობა.
ამ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია, ყოველდღე ფიქრობ შენს უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ როგორი იქნება შენი მდგომარეობა ხვალ. ჩემი ბევრი კოლეგა ამ მიზეზით ქვეყნიდანაც კი წავიდა.
2021 წლის 5 და 20 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა ცხადყოფს, რომ მედიის წარმომადგენლები შესაძლოა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი გახდნენ. ამ ყველაფრით ცდილობენ, შეგვაშინონ და გაგვაჩუმონ.
ამის ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში და გავავრცელოთ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვან თემებს ეხება. “აპრილის“ ძირითადი მიმართულება სწორედ ესაა – ქართულ ენაზე სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება, რომელიც იშვიათად თუ იძებნება. მაგალითად, ქვიარ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ იდენტობაზე ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიღება, იმის ცოდნა, რომ ის არ არის ავად, რომ ის სრულფასოვანი საზოგადოების წევრია. ჩვენი მუშაობის მიზანია, დავეხმაროთ მათ, რომ თავი არ იგრძნონ განსხვავებულად.
ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს პოლიტიკური ჰომოფობიის გაძლიერებას, რომ სიძულვილით მოიზიდოს ამომრჩეველი. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, რომ საზოგადოებას ერთმანეთი შეაძულონ იდენტობის გამო, რაც სრულიად სამარცხვინო ქმედებაა. ცდილობენ, საზოგადოებრივი გრძნობებით მანიპულაცია მოახდინონ და ირაციონალური შიშები იარაღად გამოიყენონ. მათი მიზანი სწორედ ესაა – ქვიარ თემის ჩაგვრით მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა.
მედიას უდიდესი როლი აქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ ზეწოლას და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ საზოგადოებას ინფორმირებული და მგრძნობიარე იყოს. მაგალითად, დავანახოთ, რომ ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ მათი იდენტობის გამო, რადგან ეს არც კარგ ადამიანებად გვაქცევს და არც მორწმუნეებად”.
მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, “აპრილი.მედია“ „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებას არ აპირებს.
– “ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ადამიანების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და, რაც მთავარია, ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული”, – ამბობს ხატია.

________________________________________
რატომ “რუსული კანონი” [მოკლე აღწერა]
ოფიციალური სახელწოდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონია“, თუმცა მას მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს. ეს სახელი კანონმა პუტინის რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონთან მსგავსების გამო შეიძინა.
2012 წელს რუსეთში მიიღეს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ,“ რომელიც ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსდება მინიმუმ 20%-ით, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები.“ კანონი მიიღეს როგორც მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა სამოქალაქო საზოგადოების კონტროლსა და მედიაზე ზეწოლას, ვინაიდან ტერმინი „აგენტი“ ატარებს ნეგატიურ კონოტაციას. პუტინის მთავრობის გეგმის თანახმად, ამ “იარლიყით” რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა საკმაოდ აქტიური საზოგადოებრივი შრის დემონიზება – ეს ტერმინი რუსეთში ტრადიციულად უკავშირდებოდა შპიონაჟს და ზიანის მიყენებას სახელმწიფოსთვის.
ამ კანონის შედეგად რუსეთში სამოქალაქო სივრცე მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რაც მოჰყვა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს, დემოკრატიული ღირებულებების დამცველებისა და კრიტიკული მედიების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას.
საქართველოს კანონპროექტს ხშირად სწორედ რუსულ კანონს ადარებენ, რადგან ის უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს უცხოური აგენტის სტატუსს ანიჭებს.
იმის მიუხედავად, რომ კანონისადმი დაუმორჩილებლობა მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში, ორგანიზაციათა უმეტესი ნაწილი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

Radio NOR · მედია ,,აპრილი“ ქალები და ქვიარ ადამიანები რუსული კანონის გამოწვევების წინაშე