მიუხედავად არაერთი საერთაშორისო გაფრთხილების და მოწოდებისა,ქართულმა ოცნებამ ე.წ რუსული კანონი 1-აგვისტოდან აამოქმედა.პრო-რუსული განწყობებით ცნობილი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი აუცილებელი არის ქვეყნის „უცხოური გავლენებისგან დასაცავად“. მათი თქმით, NGO-ები და ზოგი მედიასაშუალება მოქმედებენ „დესტრუქციულად“, უცხოეთიდან დაფინანსების მიღებით საქართველოსთვის მიუღებელი მიზნების გასატარებლად.აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, თუ რომელიმე ორგანიზაცია ან პირი თავისი შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, ის „უცხო აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს.
ამ დროისთვის საქართველოში „უცხოური აგენტების“ სიაში იძულებით ხუთამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა შეყვანილი. ამასთან, რეესტრში (დღევანდელი დღის მდგომარეობით) ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 476-ზე მეტმა ორგანიზაციამ წარადგინა. ქვეყანაში კი დაახლოებით 31’000 ორგანიზაციაა, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს.
ქეთი მურღულია, ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ წარმომადგენელი, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მხარდაჭერას უწევდა, გამოთქვამს შეშფოთებას ახალი რეგულაციების გამო. მისი თქმით, ორგანიზაციას ფინანსური საქმიანობა შეუწყდა, რადგან უარი განაცხადა რეგისტრაციაზე, რაც გრანტების გაგრძელებისა და ახალი დაფინანსებების მოპოვების შეუძლებლობას გამოიწვევს.
„ჩვენი ორგანიზაცია სთავაზობდა იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. დაფინანსების შეწყვეტის გამო სერვისების მიწოდება გავაჩერეთ და რთულ მდგომარეობაში ვართ. მომავლის შესახებ არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა. ეს კანონი დამღუპველი და ფატალურია არასამთავრობო სექტორისთვის, რადგან მიზნად ისახავს ან მათი სრულად გაქრობას, ან მხოლოდ იმ ორგანიზაციების დატოვებას, რომლებიც ხელისუფლებისთვის მისაღები იქნება,“ – აცხადებს მურღულია.
ქეთი მურღულია ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ნეგატიური განწყობების გავრცელებას შეუწყო ხელი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა მოჰყვა. „რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო რთული გახდება იმ იარლიყის მოშორება, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ,“ – აღნიშნავს ის.
მურღულია მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები გაართულებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ცდილობენ ადამიანის უფლებების დაცვას და სოციალურ დახმარებას. „დაფინანსების გარეშე ვეღარ შევძლებთ იმ ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას, ვისთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით,“ – ამბობს ის.
მისი სიტყვებით, თუ ცვლილებები ძალაში შევა, არასამთავრობო სექტორს მძიმე დარტყმა მიადგება, რაც საბოლოოდ შეამცირებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვისა და დახმარების შესაძლებლობებს.
ამ დროისთვის „კავშირი ფრეიას“ საქმიანობა შეჩერებულია და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ორგანიზაცია თავისი მისიის გაგრძელებას მომავალში.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში; ქეთი მურღულია