ბოლო მონაცემებით “უცხოური აგენტების” სიაში იძულებით უკვე შეიყვანეს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამავე დროს, ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის განაცხადი 476-ზე მეტმა ორგანიზაციამ წარადგინა. ხელისუფლება აცხადებს, რომ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რომელ ორგანიზაციებს აქვთ უცხოური დაფინანსება. მით უფრო, რომ ქვეყანაში დაახლოებით 31,000 ორგანიზაცია იღებს ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთიდან.
სამოქალაქო საზოგადოება და მედია ამ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯები რეპრესირების დაწყების მარკერია – ახალი რეგულაციები ზღუდავს მათ თავისუფლებას და აფერხებს საქმიანობას.
ამ ორგანიზაციათა შორის არის არამომგებიანი ორგანიზაცია “საფარი”, რომელიც ერთერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. “საფარი” უსასყიდლოდ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ძალადობას ან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. ორგანიზაცია ორიენტირებულია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებაზე.
„საფარის“ იურისტმა, ეკა მოზაშვილმა, რადიო “ნორთან” საუბრისას აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი ორგანიზაციას მძიმე მდგომარეობაში აყენებს:
– “ეს [რუსული] კანონი გვაიძულებს ორ უკიდურეს არჩევანს შორის გავაკეთოთ ერთერთი – ან დარეგისტრირდეთ და მივიღოთ შეურაცხმყოფელი ‘აგენტის’ სტატუსი, ან დავემორჩილოთ მძიმე ფინანსურ სანქციებს, რამაც შესაძლოა ორგანიზაციის დახურვა გამოიწვიოს.“
მოზაშვილის თქმით, “საფარი” არ დარეგისტრირდება, რადგან ისინი საკუთარი საქმიანობის ბუნებით ქართველი ხალხის სამსახურში დგანან და არ წარმოადგენენ არცერთი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს:
– “ჩვენი მისიაა ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. აგენტის სტატუსი შეურაცხყოფს არა მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას, არამედ იმ პრინციპებს, რომლებზეც ვმუშაობთ”.
მოზაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რეესტრში რეგისტრაცია შეიცავს სერიოზულ რისკს ბენეფიციართა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვისა და მათი ნდობის დაკარგვისთვის:
– “რეესტრში დარეგისტრირებით ჩვენ მოგვიწევს დეკლარაციის შევსება და ინფორმაციის მიწოდება მესამე პირისთვის (იუსტიციის სამინისტროსთვის). ჩვენი ბენეფიციარების ინფორმაცია განსაკუთრებით სენსიტიურია — მათთვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება ძალადობის გამო ესაჭიროებათ. მათი ნდობა ჩვენს მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ვერ დავუშვებთ, რომ მათი ინფორმაცია სახელმწიფოს მივაწოდოთ.“
მოზაშვილის თქმით, “საფარის“ ბენეფიციარებისთვის ორგანიზაციასთან ურთიერთობა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა და დაცვა. ასეთი ინფორმაციის გაზიარება ეჭვქვეშ აყენებს ბენეფიციარებთან ნდობას და ორგანიზაციის საქმიანობას საფრთხეს უქმნის.
“საფარის“ მსგავსად, სხვა მსგავს საქმიანობაშ ჩართული ორგანიზაციებიც უარს აცხადებენ “აგენტების” რეესტრში რეგისრაციაზე და კანონიერი გზებით აპროტესტებენ ამ წნეხს. “საფარში” ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ორგანიზაციის თანხმობა რეგისტრაციაზე უპირველესად “ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას”. ეს მიუხედავად იმისა, რომ “უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობა მძიმე ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.