23 ოქტომბერს, რადიო NOR-ის ჟურნალისტი სოფელ ფოკაში შეხვდა პარსეღ ბაბაჯანიანს და კომპანია „ატეეფში“ დასაქმებულ რამდენიმე მუშაკს, რომლებიც დღემდე ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას. ეს ადამიანები რკინიგზის პროექტებზე მუშაობდნენ, თუმცა მათი შრომა დაუფასებელი დარჩა. კომპანია „ატეეფი“, აზერბაიჯანული წარმოშობის საწარმო, ამჟამად დავალიანების გადახდას სასამართლო პროცესის დასრულებამდე აჭიანურებს, რის გამოც მუშები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
-“ჩვენ აზერბაიჯანის საელჩოშიც მივედით”,—ამბობს ბაბაჯანიანი, რომელიც სამი თვე და 20 დღე მუშაობდა კომპანიაში. „ორი თვის ანაზღაურება ავიღე, მაგრამ დანარჩენი თანხა არ გადამიხადეს. საელჩოში გვითხრეს: ნუ გვაწუხებთ, მიიღებთ თქვენს ფულსო, მაგრამ როდის—არავინ იცის,“.ბაბაჯანიანი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა ნაწილმა კუთვნილი თანხა აიღო, თუმცა მრავალი მუშა ჯერ კიდევ ელოდება კუთვნილ ხელფასს. ფოკაში ხუთი ადამიანი იგივე მდგომარეობაშია, ხოლო ახალქალაქიდან და ბოლნისიდანაც არიან ისეთები, ვისაც ანაზღაურება ჯერ არ მიუღია. -„ვიცი, რომ ზოგი ჩვენი თანამშრომელი ხუთი თვის ხელფასს ელის ამბობს,ბაბაჯანიანი.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მუშებმა კომპანიაში ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე დაიწყეს მუშაობა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი უფლებების დაცვას.-“ჩვენ სიტყვიერად შევთანხმდით უფროსთან, რომელსაც აზიმი ჰქვია. მას პირადად ვუკავშირდებოდით, მაგრამ ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია,“.მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ უარყოფს დავალიანების არსებობას, მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პირდებიან თანხების გადახდას.
-“გვეუბნებიან, რომ სასამართლო მიმდინარეობს, მაგრამ როდის დასრულდება—არ ვიცით. ჩვენ კი დღეები და თვეები გადის და უსასრულოდ ვერ დაველოდებით,“—აღნიშნავს ერთ-ერთი იქ დასაქმებული.
რადიო NOR-ის ჟურნალისტმა რამდენჯერმე სცადა აზიმთან დაკავშირება, რომელიც დასაქმებულების უფროსად სახელდება, თუმცა უშედეგოდ. „პირველ ზარზე აზიმმა ყურმილი აიღო, მაგრამ როგორც კი გავაცანით, რომ მუშები დაგვიკავშირდნენ და მათი პრობლემების შესახებ გვინდოდა საუბარი, მან ყურმილი დაკიდა.
მომდევნო მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა—აზიმმა აღარ უპასუხა ზარებს.
„ატეეფის“ შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დაუცველები არიან მუშები, რომლებიც ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ. კომპანია, სასამართლო პროცესების დაყოვნებით, პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობს და დასაქმებულებს დატოვებს არაპროგნოზირებადი შედეგების წინაშე.ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აუცილებელია შრომითი პროცესების მკაცრი რეგულაცია და კონტროლი, რათა არც ერთი დასაქმებული გამოყენებული და მიტოვებული არ დარჩეს.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: ,,ატეეფში” დასაქმებულები