,,ტოლერანტობისა და განათლების გზაზე” მასწავლებლის ჩანახატი ჯავახეთიდან

,,ტოლერანტობისა და განათლების გზაზე” მასწავლებლის ჩანახატი ჯავახეთიდან

თამარ გორგაძე სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი სოფლის, გორელოვკის, ქართულ სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მისი ცხოვრებისეული გზა, ტოლერანტულ გარემოში გაზრდილი და ბავშვებზე სიყვარულით გამსჭვალული, მრავალმხრივ საინტერესოდ წარმოაჩენს იმ ღირებულებებს, რაც რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

თამარი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ გრანტით ჩაირიცხა და მისი აკადემიური შედეგები საშუალებას აძლევდა, სხვა ქალაქში ესწავლა, არჩევანი სახლთან ახლოს სწავლის გაგრძელებაზე გააკეთა.

„-უნივერსიტეტებმა რეგიონებში აუცილებლად უნდა იფუნქციონირონ. მე გადავწყვიტე აქ მესწავლა, რადგან მიმაჩნია, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველგან. თანაც, ჩემი ოჯახის სიახლოვე და ჩემივე საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა ჩემთვის მნიშვნელოვანია,“ – ამბობს თამარი.

თამარი ამბობს, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მშობლებმა, დედამ – ქრისტიანმა იმერეთიდან და მამამ – მუსლიმმა აჭარიდან, ტოლერანტული და ჰარმონიული ცხოვრების მაგალითი მისცეს.

თამარის ბავშვობის ოცნება გამომძიებლობა იყო, თუმცა გამოცდილებამ და მაღალი კლასების დამრიგებლის გავლენამ მისი გეგმები შეცვალა.

„-ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარდა, ამიტომ მასწავლებლობა ავირჩიე. განსაკუთრებული შთაგონება ჩემი დამრიგებლისგან მივიღე, რომელიც ყოველთვის გვასწავლიდა, რომ დამოუკიდებლები და წარმატებულები უნდა ვყოფილიყავით. ეს სიტყვები ჩემს ცხოვრებას წარუძღვა.“

2021 წელს დაწყებული პედაგოგიური კარიერა თამარისთვის ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა.

„-პირველი დღე ყოველთვის ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობები დიდხანს ვგეგმე, მაინც ვღელავდი. ბავშვებთან პირველი შეხვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტი იყო. მასწავლებელი მოსწავლეებისთვის მხოლოდ პროფესიული ავტორიტეტი არ უნდა იყოს, არამედ ადამიანი, ვინც მათ უყვართ და ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.“

თამარის აზრით, მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება.

„-საკლასო ოთახში ვცდილობ, მოსწავლეებს ტოლერანტობა, კრიტიკული აზროვნება და პატრიოტიზმი ვასწავლო. ეს ღირებულებები ყველაზე მეტად სჭირდება თანამედროვე ქართველ საზოგადოებას.“

თამარ გორგაძის სამწლიან კარიერას ბავშვების განვითარებისათვის ბრძოლა და მუდმივი სიახლეების ძიება განაპირობებს. მისი გამოცდილება მხოლოდ პირად წარმატებაზე არ არის ორიენტირებული – ის თითოეული მოსწავლის წარმატებასა და რეგიონის განვითარებას ემსახურება.

„როცა მასწავლებელი ბავშვების სიყვარულით ცხოვრობს, ყოველი დღე ახალი შთაგონებაა.“

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში;თამარ გორგაძე

Radio NOR · ,,ტოლერანტობისა და განათლების გზაზე” მასწავლებლის ჩანახატი ჯავახეთიდან