18 წელი სამედიცინო სადარაჯოზე-მარი მიქოიანი

18 წელი სამედიცინო სადარაჯოზე-მარი მიქოიანი

მარი მიქოიანი სათემო განვითარების ფონდის დირექტორი და ორგანიზაცია Generation i -ს აღმასრულებელი დირექტორია.მარი 1981 წლის 18 ივლისს დაიბადა ქალაქ თბილისში. ის დედით ქართველი, ხოლო მამით ეთნიკურად სომეხია. .2004 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მაშინვე დაიწყო მუშაობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში (112) ექიმად. უკვე 18 წელია, მარი სასწრაფოს ექიმია და დედაქალაქის მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.

მარი მიქოიანი 2021 წელს დაჯილდოვდა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოთი, რომელიც საქართველოს ომბუდსმენმა გადასცა. ეს ჯილდო მარის როგორც პროფესიონალ ექიმს, ასევე გამორჩეულ პიროვნებას მიანიჭეს. მისი პროფესიული გზა მრავალფეროვანი და რთულია. მაგალითად, 2008 წელს, გორის საომარი მოქმედებების დროს, ის გორის საველე ჰოსპიტალის შენობაში მორიგეობდა, სადაც დაჭრილების სამედიცინო დახმარებას უწევდა და ისინი თბილისამდე გადაჰყავდა.

-”ამ 18 წლის განმავლობაში ბევრი რთული და დასამახსოვრებელი შემთხვევა მქონია, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც კი მიწევდა მუშაობა,”.

ის ასევე მონაწილეობდა სოციალურ კამპანიაში „გზა დაუთმეთ სასწრაფოს“, რომელშიც „თეგეტა მოტორსის“ სახედ იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, ასეთი კამპანიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქალაქეების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, მარი მიქოიანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალისტიკაშიც. ის მუშაობდა ტელეკომპანია „1 კავკასიურში“ , სადაც რეგიონალური სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა და ჯავახეთის შესახებ ახალი ამბების მომზადებას ხელმძღვანელობდა. მისი განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება ჯავახეთის რეგიონს უკავშირდება.  -”ყოველთვის ვცდილობ, ჩემი პროგრამები და პროექტები სწორედ ჯავახეთში განვახორციელო.

საბაკალავრო წლების განმავლობაში, მარი აქტიური სტუდენტი იყო. სტუდენტური კავშირის ფაკულტეტის თავმჯდომარე და ახალგაზრდულ დეპარტამენტში თანამშრომელი იყო. ეს ორი პროფესია – მედიცინა და უფლებადამცველობა – მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მარიმ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვან საქართველოსთან“ ერთად დაიწყო მუშაობა და სომხური სათემო ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა უფლებადამცველ საქმიანობაში.

ჯავახეთსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემები მარისთვის კარგად არის ცნობილი. მისი თქმით, სერიოზული საკადრო დეფიციტი და ინფრასტრუქტურული გამოწვევები ჯანდაცვის სექტორისთვის მთავარი ბარიერია.

-”მაგალითად, ნინოწმინდას დღემდე არ გააჩნია სამშობიარო განყოფილება, ასევე დიალიზის მომსახურება ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ის ხაზს უსვამს, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ მოსახლეობის უნდობლობაც დიდი პრობლემაა.

-”როდესაც სქრინინგის კამპანიით ვიყავით ჯავახეთში, ბევრი ადგილობრივი კითხულობდა, სადაური ექიმები ვიყავით. სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები მხოლოდ თბილისიდან ჩამოსულ ექიმებს ენდობიან,“ – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ეფექტიანობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულად არ გამოიყენება.  -”სამწუხაროდ, ბენეფიციარებმა არ იციან, რა ბენეფიტები ეკუთვნით. თუ ეს ინფორმაცია მათამდე ვერ მივიტანეთ, მაშინ არცერთი პროგრამის წარმატებას აზრი არ ექნება,  ამბობს მარი და ხაზს უსვამს, რომ ჯანდაცვის საიტიც უნდა იყოს ადაპტირებული უმცირესობებისთვის.

მარის პირადი გამოცდილებით, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი სასარგებლო პროგრამა განახორციელა. მაგალითად, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების უფასო მიწოდება. მისი დედა, რომელიც დიაბეტით დაავადებულია, წარსულში დიდ თანხას ხარჯავდა მკურნალობაზე, თუმცა ამჟამად ეს წამლები სახელმწიფო პროგრამით უფასოა.

მარის საქმიანობა მრავალმხრივია და მუდამ პროგრესისკენ არის მიმართული. ის არა მხოლოდ ექიმია, რომელიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობს, არამედ უფლებადამცველი და აქტიური მოქალაქე, რომელიც საზოგადოებასა და რეგიონის განვითარებას ემსახურება.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში;მარი მიქოიანი

Radio NOR · 18 წელი სამედიცინო სადარაჯოზე-მარი მიქოიანი