სოფლად მცხოვრები ქალების გამოწვევები მამაკაცთა შრომითი მიგრაციის ფონზე

სოფლად მცხოვრები ქალების გამოწვევები მამაკაცთა შრომითი მიგრაციის ფონზე

შრომითი მიგრაცია, მოიაზრებს ადამიანთა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას გარკვეული ვადით, მატერიალური რესურსების მოსაპოვებლად. აღსანიშნავია,რომ ეს მეტად მასშტაბური პროცესია, რომელსაც ხშირ შემთხევაში საფუძვლად უდევს ეკონომიკური სიდუხჭირე და საარსებო მინიმუმის არარსებობა. საქართველოში,  მაღალი  უმუშევრობის ფონზე კი, რომელიც  მეტად აქტუალურ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, მოქალაქეთა მასობრივი გადინება ქვეყნიდან შესამჩნევი ტენდენციაა.

სამწუხაროდ,  ამ პროცესის მიღმა, ხშირად უხილავი რჩება ისეთი საკითები, როგორიც არის: შვილების მძიმე ფსიქო-სოციალური ფონი, დანგრეული ოჯახები,  ერთიორად გაზრდილი ქალთა შრომის ტვირთი და ა.შ. აღნიშნული, სტატიის ფარგლებში, კი ჩვენს რესპონდენტთან ერთად შევეცდებით  ვისაუბროთ,  სოფლად მცხოვრები ქალების შრომითი ტვირთზე, როდესაც მათ მეუღლეებს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შრომით მიგრაციაში უწევთ ყოფნა.

58 წლის გაიანე მარიკიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ცხოვრობს. გაიანე გვიზიარებს თავის გამოცდილებას, იმ ბარიერების შესახებ რომლებსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან, როდესაც მათ მეუღლეებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ შრომით ემიგრაციაში ყოფნა ოჯახის მაქსიმალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

გაიანეს თქმით, ასეთ პირობებში ქალები მარტო  უმკავდებიან ყოველგავრ გამოწვევას. კერძოდ, ისინი ასრულებენ არა მხოლოდ „ტრადიციულ“ საყოფაცხოვრებო მოვალეობებს, არამედ „მამაკაცის“ მძიმე სამუშოსაც, რაც დამატებით საჭიროებს დიდ ფიზიკურ ძალას. ეს კი ქალებისთვის  დამატებითი ტვირთია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.

 ოჯახი და ბავშვები: განშორების გავლენა

გაიანე აღნიშნავს, რომ მამის ხანგრძლივი არყოფნა გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. მისი შვილები მოკლებულნი არიან მამის ყურადღებას და ზრუნვას, ეს კი უარყოფით, გავლენას ახდენს მათ ქცევაზე და ემოციურ განვითარებაზე. “ბავშვები მხოლოდ დედასთან რჩებიან და მთელი პასუხისმგებლობა ქალს ეკისრება. ეს განსაკუთრებით რთულია, თუ ბავშვები პატარები არიან”– ამბობს გაიანე.

ბავშვებსა და ოჯახზე ზრუნვის გარდა, დედებს უწევთ აღზრდასა და ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავებაც, რაც ხშირად იწვევს ემოციურ გადაწვას. ბავშვებისთვის კი მამის ემიგრაციაში ყოფნა  ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევია, როგორიცაა: მარტოობის გრძნობა და ნდობის ნაკლებობა.

ქალთა ჯანმრთელობა მეორე პლანზეა

გაიანე ხაზს უსვამს, რომ სოფლის ქალები ხშირად ივიწყებენ საკუთარ თავს მათი მრავალი პასუხისმგებლობის გამო.  ისინი პრაქტიკულად არ უთმობენ დროს საკუთარ ჯანმრთელობას, არ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევებს. ასევე ,არ აქვთ თავისუფალი დრო,რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვას მოახმარენ.. „ფერმაზე და ყანაში მუშაობას, ასევე ოჯახზე და ბავშვებზე ზრუნვას მთელი დღე სჭირდება, და საკუთარი თავისთვის ქალებს დრო აღარ რჩებათ”– აღნიშნავს რესპონდენტი.

გაიანეს შეფასებით, ამ ცხოვრების წესმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ხნიერ ქალბატონებში.

ოჯახის დაშლა და გაუცხოება

შრომითი ემიგრაცია შეიძლება იყოს გამოწვევა, ოჯახური ურთიერთობებისთვისაც. გაიანე აღნიშნავს, რომ მეუღლის ხანგრძლივი არყოფნა ზოგჯერ გაუცხოებას იწვევს. “როდესაც მეუღლეები დიდხანს ვერ ხედავენ ერთმანეთს, შეიძლება უნდობლობა გამჩნდეს და კომუნიკაცია გაძნელდეს”. თუ შორს ყოფნის გადალახვა შეუძლებელია ოჯახისთვის, ქალის და კაცის ურთიერთობა შეიძლება დაზარალდეს, რაც საფრთხეს უქმნის ოჯახის მთლიანობას.

ეკონომიკური რეალობა და იძულებითი არჩევანი

მიუხედავად ყველა სირთულისა, გაიანე აღიარებს, რომ შრომითი ემიგრაცია ხშირად ერთადერთი გამოსავალია სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის. “სოფელში მცირე სამუშაოა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასები იმდენად დაბალია, რომ მისი რეალიზაციით ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია”– ამბობს გაიანე.

მიუხედავად იმისა, რომ შრომით მიგრაციას თავისი „ფასი“ აქვს, ის შესაძლებელს ხდის ოჯახის ძირითადი საჭიროებების დაფარვას. გაიანეს თქმით, „ემიგრაციის გარეშე ბევრი ოჯახი ვერ გაუმკლავდებოდა ყოველდღიურ ფინანსურ სირთულეებს.“ იგი ხაზს უსვამს, რომ სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია სოფლად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება: ადგილობრივი წარმოების განვითარება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების  გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა. მხოლოდ ამის შემდეგ შრომითი მიგრაცია მრავალი ოჯახისთვის აუცილებელი „ღონისძიება „აღარ იქნება.

აღნიშნული სტატია, მომზადდა „დემოკრატიის კვლევის ცენტრი”-ს  პროექტის  “ქალების და გოგონების გაძლიერება საქართველოში”  ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით,  “რადიო ნორის’ ჟურნალისტების მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “დემოკრატიის კვლევის ცენტრი” და” რადიო ნორი” და  შესაძლოა,  სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.