“რუსული” კანონი საქართველოში: პროპაგანდის ფარული ინსტრუმენტი

“რუსული” კანონი საქართველოში: პროპაგანდის ფარული ინსტრუმენტი

რიმა მარანგოზიან.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონი საქართველოში მხოლოდ რეგულაცია არ არის; ეს არის მიზანმიმართული იარაღი, რომელიც მიმართულია მედიისა და სამოქალაქო სექტორის დასუსტებაზე. ტოკ ტვს მულტიმედია ჟურნალისტი მიშო დარბაიძე აღნიშნავს, რომ ეს კანონი არა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებაზე ახდენს ზეგავლენას, არამედ პირდაპირი შედეგები მოაქვს ქვეყნის ეკონომიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების თავისუფლებაზე.
დარბაიძის თქმით, მედია საქართველოში ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე აწყდებოდა სირთულეებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ხელისუფლებისგან კომუნიკაციის გაჭიანურება. თუმცა, ახალი რეგულაციის ამოქმედებით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა.
ჟურნალისტობა, რომელიც ადრე ერთგვარი დაცულობის განცდას აჩენდა, ახლა ხშირად აგრესიას იწვევს. პროპაგანდამ ისე იმოქმედა, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტიგმა, თითქოს მედია და სამოქალაქო სექტორი “უცხოური გავლენის” ქვეშ არიან.
ეს სტიგმატიზაცია არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას. შედეგად, უფრო და უფრო რთულდება დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების ფუნქციონირება. დარბაიძე ხაზს უსვამს, რომ “რუსული კანონის” გავლენა მხოლოდ მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის არ არის საზიანო. ამ კანონის გამო შეწყდა საერთაშორისო დაფინანსება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, რაც პირდაპირ აისახება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლების განვითარებაზე და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
გარდა ამისა, კანონის გავლენა იგრძნობა ტურიზმშიც: ბოლო პერიოდში ტურისტული ჯავშნების 70% გაუქმდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს. ვალუტის კურსის არასტაბილურობა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის შეწყვეტა იმ ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო ართულებენ. მიშო დარბაიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი “ჯიბეზე” დაეტყობა თითოეულ მოქალაქეს.
“რუსული კანონი” გვიახლოვებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი, სადაც მედია და სამოქალაქო სექტორი ფაქტობრივად განადგურებულია. საქართველოში იგივე სურათის წარმოჩენა უკვე რეალურ საფრთხედ გამოიყურება. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მომავალში შესაძლოა დაიხშოს კრიტიკული აზრი, რაც მიგვიყვანს ინფორმაციის ვაკუუმამდე. ეს პროცესი კარგადაა აღწერილი ორუელის “1984”-ში: ხალხი აღარ ფლობს რეალურ ინფორმაციას და ხელისუფლება მარტივად აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს.
დარბაიძე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ კანონის გაგრძელება გამოიწვევს მიგრაციის ზრდას და ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას. მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ჯგუფი, რომელიც ამ კანონის გავლენის ქვეშ არ მოყვება. ეს კანონი არის ყველას პრობლემა, რადგან მისი შედეგები გავლენას ახდენს როგორც ინდივიდებზე, ასევე მთლიანად ქვეყანაზე. “ჩვენ ჩვენს გამოსავალს ვიპოვით, მაგრამ ხალხი, ვისზეც ვმუშაობთ, დაზარალდება,” – ამბობს დარბაიძე.
“რუსული კანონი” საქართველოსთვის მხოლოდ დემოკრატიული განვითარების შეფერხება კი არ არის, არამედ საფრთხეა, რომელიც ხანგრძლივი დროით გაართულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სრულად აცნობიერებდეს ამ კანონის შედეგებს და პროპაგანდის გავლენას, რათა დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლება.