რადიო „ნორი“ გულწრფელ მადლობას უხდის კონსტანტინე სტალინსკის და შორენა შონვაძეს სოლიდარობის გამოხატვისთვის და ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევისთვის. თქვენი თანადგომა არამარტო მატერიალური მხარდაჭერაა, არამედ დიდი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ნინოწმინდის მოსახლეობის საჭიროებებზე. ეს დახმარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენს ერთგულებას და ინტერესს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების, მათი ხმების გაჟღერებისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართ.
2025 წლის იანვარში, ჩვენმა რადიომ წარმატებით განაახლა 10-წლიანი მაუწყებლობის ლიცენზია, რაც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ ჩვენი მთავარი მისია – ნინოწმინდისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების გაშუქება და მათი საჭიროებების ადვოკატირება. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს სტიმულს, განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა და გავაუმჯობესოთ სამაუწყებლო ხარისხი.
რადიო „NOR-ი“, რომელიც ფუნქციონირებს 2006 წლიდან, ისტორიულად წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაცხოვრებლების სანდო ინფორმაციის წყაროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, „ნორი“ 2008 წელს დარეგისტრირდა და თავდაპირველად ინტერნეტით მაუწყებლობდა. 2016 წლიდან ჩვენი რადიო უკვე ხელმისაწვდომია FM 100.1 სიხშირეზე, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს აუდიტორიასთან. დღესდღეობით, ჩვენ არა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, არამედ ახალქალაქისა და რეგიონში არსებული სოფლების მოსახლეობას ვემსახურებით. ინტერნეტ სივრცეში კი რადიომაუწყებლობა ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, რაც ფართო აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს ჩვენს პროგრამებში.
„NOR-ის“ მთავარი მიზანია ნინოწმინდის რაიონის მოსახლეობის ინფორმირება რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოვლენების შესახებ. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვისმენთ მოსახლეობის აზრს და ვცდილობთ, მათი საჭიროებები და პრობლემები მაქსიმალურად მივიტანოთ შესაბამის სტრუქტურებამდე. რადიო „NOR-ი“, მისი გუნდისა და რესურსების წყალობით, ყოველდღიურად ამზადებს საინფორმაციო გადაცემებს, ავრცელებს ახალ ამბებს და აწარმოებს დისკუსიებს, რომლებიც ეხება ადგილობრივ თემებს. ჩვენი რადიო კოშკის წყალობით, „NOR-ის“ ხმა სცდება ნინოწმინდის ფარგლებს და მთელ რეგიონში აღწევს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს გავლენას და სანდოობას.კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გიხდით კონსტანტინე სტალინსკის და შორენა შონვაძეს. თქვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს ჩვენი ორგანიზაციის მიზნების მიღწევას და ნინოწმინდის მოსახლეობისთვის უკეთესი საინფორმაციო სერვისის მიწოდებას.
მუდამ თქვენს სამსახურში, რადიო „NOR“ -ის გუნდი.