ჟურნალისტისა და პოლიტიკური კომენტატორის გოჰარ ჰაირაპეტიანის თქმით, მიღებული კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ” მოვლენების ცენტრშია და ფართო დისკუსიების საგანი გახდა. ამ კანონის შედეგები საშიშია არა მხოლოდ საქართველოს შიდა პროცესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის მომავლისთვისაც.
გოჰარ ჰაირაპეტიანი, რომელიც მრავალი წელია აშუქებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, შეშფოთებით საუბრობს კანონპროექტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომლის განხილვის ცენტრშიც საქართველოს მთავრობაა. ეს საქართველოს განვითარების ვექტორს რადიკალურად ცვლის, თუმცა საქართველო 30 წლის განმავლობაში ევროპულ გზას მიჰყვება.
– “როდესაც ეს კანონი 2023 წელს დღის წესრიგში დადგა, ის დროებით გაიწვიეს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ. იმ მომენტში ბევრს გვეგონა, რომ ეს პროცესი დასრულდა. მაგრამ, ახლა გვესმის, რომ ეს იყო პირველი “მერცხალი”, ფართო და გრძელვადიანი ცვლილებების პირველი სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და თავისუფლებებს”, — ამბობს ჰაირაპეტიანი.
მისი თქმით, ამ კანონის გამოყენება არა მხოლოდ არღვევს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს, არამედ ამძაფრებს პოლიციის ქმედებების სისასტიკეს, ახალგაზრდების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვას და ტოტალურ შევიწროებას.
– “დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ამკაცრებს ხელისუფლება საზოგადოებაზე კონტროლს დამღლელი სტრატეგიის გამოყენებით. დემონსტრაციებმა, რომელიც ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, სამართალდამცავი ორგანოების სასტიკმა ქმედებებმა, პროპაგანდამ და ტვინის გამორეცხვამ დაღალა ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა. ეს არის ფსიქოლოგიური ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ”, – ხაზს უსვამს ჰაირაპეტიანი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია დიდ გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე.
– “საქართველო ყოველთვის იყო მაგალითი რეგიონისთვის ევროპული გზის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. თუმცა, ამ კანონის მიღების შედეგად საქართველო კიდევ ერთხელ უახლოვდება პოსტსაბჭოთა ეპოქის მოდელს, სადაც სამთავრობო სტრუქტურები და პროპაგანდა მთავარი ბერკეტებია”,—ამატებს ჰაირაპეტიანი.
გოჰარ ჰაირაპეტიანი ხაზს უსვამს, რომ თუ ქართული საზოგადოება ამ პროცესებს წინააღმდეგობას არ გაუწევს, შესაძლოა, რეგიონი ცივილიზებულ სამყაროსთან “რკინის ფარდით” ჩაიკეტება.
– “უკვე აშკარაა, რომ საქართველო კარგავს თავის ადგილს ევროპის გზაჯვარედინზე, რაც ღრმა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყანაზე, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანზეც”.
ჰაირაპეტიანი მოუწოდებს როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე საქართველოს ხალხს, უფრო აქტიურად იმოქმედონ.
– “წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ არა მხოლოდ ათწლეულების მიღწევები, არამედ ჩვენი მომავალი, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი რეგიონი”, – აღნიშნავს იგი.