გაზიფიკაციის პრობლემა, როგორც დამატებითი ტვირთი ქალებისთვის სოფელ ფარავანში

გაზიფიკაციის პრობლემა, როგორც დამატებითი ტვირთი ქალებისთვის სოფელ ფარავანში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი სისტემა, სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო განათლების სივრცეების სიმცირე, სასმელი და სარწყავი წყლის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები, კეთილმოუწყობელი შიდა გზები საქართველოს არაერთი სოფლისა და დაბის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რაც ხშირად დამატებით შრომით ტვირთად აწვება სოფლად მაცხოვრებელ ქალებსა და მამაკაცებს და ერთიორად ამძიმებს მათ ყოფას. საქართველოს არაერთი სოფლისათვის დამახასიათებელი პრობლემების ჩამონათვალს სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე სოფელში გაზიფიკაციის არქონაც ემატება.

სამცხე-ჯავახეთში ქალთა შრომითი ტვირთის აღსაწერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში ადგილობრივ მოსახლეობას  რადიო ნორის ჟურნალისტები ესტუმრნენ. ფარავანში წლებია გადაუჭრელ პრობლემად დგას სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი, რაც გაუსაძლისად აქცევს ქალთა ყოფას სოფელში და კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ შრომას.

სოფელ ფარავანში ჩასვლისას, პირველი, რაც თვალში გხვდება, მისი მომხიბლავი ბუნებაა – ფართო მინდვრები, ტბა და მთებით გარშემორტყმული პატარა დასახლება, რომელიც თითქოს სიწყნარისა და სიმშვიდის ნავსაყუდელია. თუმცა, ამ გარეგნული იდილიის მიღმა, ფარავანი სერიოზული ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემებით არის დატვირთული. სოფელში შესვლისას თვალში გხვდება ნახევრად გამართული შიდა გზები, წივით სავსე ეზოები და კვამლით დამძიმებული ჰაერი, რაც ადგილობრივების ყოფის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას – გაზიფიკაციის არქონას, ნათლად აჩვენებს.

ფარავანის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება მძიმე შრომითაა სავსე. განსაკუთრებით ქალებისთვის, ეს შრომა კიდევ უფრო მძიმე და მრავალრიცხოვანია. გაზიფიკაციის არარსებობის გამო, ადგილობრივებს გათბობა და საკვების მომზადება შეშით და წივით  უწევთ. შეშის საკმარისი მარაგის ქონა კი ოჯახისთვის სერიოზულ ფინანსურ და ფიზიკურ ტვირთად იქცევა.

წივა სოფელში  ალტერნატიულ საწვავად გამოიყენება. წივის მოსამზადებლად, ქალებმა ჯერ ზამთარში  საქონლის ნაკელი უნდა შეაგროვონ, გაზაფხულზე კი  გაშალონ, ფორმებად მოჭრან, მინდორში დაალაგონ და გააშრონ. ეს პროცესი რამდენიმე დღეს მოითხოვს. წივის გაშრობას მთელი ზაფხული უნდებიან, გაშრობის შემდეგ დასაწვავად მზადაა, თუმცა წივის გაშრობა ზაფხულის ცხელ ამინდებზეა დამოკიდებული. წივას მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მხარეს აბრუნებენ, რათა კარგად გამოშრეს და დაიწვას, ეს კი ქალებისთვის დამატებით შრომას და დროს მოითხოვს. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი უკუჩვენებებიც აქვს – წივის მომზადებისას წარმოქმნილი ძლიერი და უსიამოვნო სუნი მთელ სოფელში ვრცელდება. ამასთან, წივის მომზადება მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს, რაც ქალების ყოველდღიური რუტინას კიდევ უფრო ტვირთავს. გაზიფიკაციის არარსებობა არამხოლოდ დამატებით შრომით ტვირთად აწვება ქალებს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებსაც ქმნის. ქალებს დიდი დრო ეხარჯებათ ღუმელის მოვლაზე, რაც მათ სხვა სოფლური საქმიანობებისთვის დროს არ უტოვებს.

სოფელში ერთ-ერთმა რესპონდენტმა ქალმა, რომელიც ანონიმურობის პირობით გვესაუბრა, გვითხრა: „გაზის არქონა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა. ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ როდის იქნება, არავინ იცის. ამასობაში კი, ბავშვები სკოლებშიც და ბაღებშიც სიცივისგან ავადმყოფობენ”.

შეშის და საწვავის მოძიება ოჯახისთვის დამატებითი ხარჯია. „ფაქტობრივად საწვავის გარეშე დავრჩი. შეშა ცოტა მაქვს, წივაც აღარ დამრჩა. ცოტა ხნის წინ შეშა მოიტანეს და 600 ლარი მომთხოვეს, რაც ვერ გადავიხადე. ჩემი პენსია 380 ლარია, ეს თანხა საჭმელში დავხარჯო თუ შეშაშიაღარ ვიცი”.

ქალებს დიდი დრო ეხარჯებათ ღუმელის ანთებასა და მოვლაზე, მაშინ, როდესაც სოფლად სხვა უამრავი საქმეც ქალების შესასრულებელია.  „გაზი რომ გვქონდეს, ჩვენი დროც დაიზოგებოდა. ის დრო, რაც ღუმელის ანთებასა და მის მოვლაში გვჭირდება, სხვა სოფლის საქმეებში გამოგვადგებოდა”– აღნიშნავს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

სოფელმა 2020-2021 წლებში გაზიფიცირების დაპირება არაერთხელ მიიღო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გადაიდო. ბოლო წლებში მიღებული დაპირებებიც უშედეგო აღმოჩნდა, რამაც სოფლის მოსახლეობაში უნდობლობა გააჩინა. ახლა რომ მოვიდნენ და გვითხრან, გაზიფიცირებას ვიწყებთო, არ დავიჯერებთ. მათი სიტყვები არაფერს ნიშნავს. ხვალ თუ არავინ იზრუნებს ჩვენზე, თავად ავაგროვებთ ფულს და გაზს სოფელში შევიყვანთ.“ მუდმივი სიცივისა და გაზის არარსებობის გამო საცხოვრებელი პირობები თანდათან უარესდება. რემონტის გაკეთებას აზრი აღარ აქვს, რადგან ბოლისა და მტვრის გამო ყველაფერი მალევე ფუჭდება. სახლებიც ნელნელა ცარიელდება, რადგან ხალხი სოფელს ტოვებს,” – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ფარავნის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვს – როდის და როგორ აპირებენ ბუნებრივი აირის შემოყვანას სოფელში. უფრო მეტიც, თავის მწირი ფინანსებით მზად არიან პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ: „ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ დასხდნენ, მოგვისმინონ და შემოგვთავაზონ  გეგმა. ყველა ვთანხმდებით, რომ გაზიფიცირებით უამრავი პრობლემა მოგვარდება სოფელში.”

* * *

აღნიშნული სტატია მომზადდა „დემოკრატიის კვლევის ცენტრი”-ს  პროექტის  „ქალების და გოგონების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით,  „რადიო ნორის“ ჟურნალისტების მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „დემოკრატიის კვლევის ცენტრი” და „რადიო ნორი“ და  შესაძლოა,  სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.