რატომ NATO – NATO-საქართველოს ურთიერთობები

რატომ NATO – NATO-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო-ნატოს ურთიერთობები სათავეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეორე წელსვე, 1992 წლიდან იღებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო, საქართველო შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი შეიცვალა. ეს იყო ქვეყნის განაცხადი, რომ იგი პოლიტიკური ფასეულობების ძირფესვიანად გადაფასებას იწყებდა.

33 წლის განმავლობაში ნატოსთან პარტნიორობით საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების გაძლიერების და მოდერნიზების მიმართულებით, ათობით პროექტი და პროგრამა დაიწყო და განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ნატო ჩართული იყო საქართველოში საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერების და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ პროგრამების განხორციელებაში.

 

საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრი

ნატოს სახელს უკავშირდება, საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრის გახსნაც, სადაც სამხედრო სწავლებები იმართება. სკოლა 2006 წლის 14 აგვისტოს დაარსდა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნები და სამხედრო განათლების სწავლება მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

2010 წელს ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი.

ეს იყო პირველი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს მიეღო ნატოს სტანდარტები, ყოფილიყო ამ სტანდარტის შექმნაში მონაწილე. საჩხერის მომზადების  ცენტმა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა ნატოსთან ერთად. ფაქტობრივად, საქართველო იყო რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება დაიწყო საქართველოში. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მხარდაჭერა,” – გვეუბნება, ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი.

 

ორფოლოს პოლიგონზე წვრთნებამდე და საჩხერის სამთო სკოლამდე იყო, პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისთვის”. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1994 წელს, საქართველო ზემოხსენებული პროგრამის მონაწილე გახდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ქვეყნის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ვინაიდან ამ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, მთავარ ამოცანას, საგარეო საფრთხეს რუსეთის დაბალანსება წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართებოდა სამხედრო წვრთნები და სამეთაურო საშტაბო სწავლებები.

ის რომ დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, მომზადებული და კომპეტენტური პერსონალი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში, სწორედ ამ და მსგავსი პროგრამების დამსახურებაა,” – ამბობს დავით ძიძიშვილი.

ნატო საქართველოს პარტნიორობა დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა, საქართველოს თავდაცვის ძალები მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო წვრთნებში, მისიებში, ჩვენი ქვეყანა მონაწილეობდა სამიტებში და მინისტერიალებში და თავის მხრივ მასპინძლობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს, მაღალი რანგის სამხედრო პირებს.

შედეგად, გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რადგან ნატოსთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ დაცულია ქვეყნის ტერიტორიები,” – გვეუბნება “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი, შოთა კაკაბაძე.

ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ მისი ცა დაცულია, მისი ტერიტორიები დაცულია და ასე შემდეგ,” – გვეუბნება მკვლევარი.

 

რატომ აღმოჩნდა საქართველოსთვის ნატო სტრატეგიული პარტნიორი?  – დიპლომატის და მკვლევრის, გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოსთვის, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ნატო იყო დამოუკიდებლობის გამყარების და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი მექანიზმი.

მცირე ქვეყანას, რომელსაც აქვს გამოწვევა, გვერდით დიდი სახელმწიფო ბოლომდე არ აღიარებს შენს უფლებას, რომ იყო დამოკიდებული. მისი დამოუკიდებლობის დამყარების შენარჩუნების და უსაფრთხოების მიღებს ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ალიანსები დიდ ქვეყანასთან, რომელიც გაანეიტრალებდა  და დააბალანსებდა შენი მეზობელი აგრესორის ძრავებს. იდეალურ შემთხვევაში წევრობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც გარანტირებულად იძლევა უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობას,” – გვეუბნება ბადრიძე.

სად ვართ ახლა, ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 33 წლის თავზე და როგორი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით? – ვკითხეთ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს.

ჩვენ გვქონდა მკაფიო მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დემოკრატია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც. საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვისაც. ასევე, უნდა ვთქვათ რომ ნატოს აქვს საქართველოსთან სპეციალური პროგრამა შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ჩვენ გვინდა, რომ ის გაგრძელდეს, მაგრამ გვინდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ცხადია ისეთ უსაფრთხოების გარემოში, როგორიც ევროპაშია. ეს ნიშნავს რომ ყველამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარ თავდაცვაზე,” – გვეუბნება ელჩი.