სომხეთ-თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ ანალიტიკას “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” ავრცელებს წერს bpn.ge
როგორც ცნობილია, აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა იგეგმება, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.
2024 წლის ბოლოს ახურიკ – აკიაკას სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.
ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, გიუმრიდან ახურიკამდე სომხური მონაკვეთის აღდგენას ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.
როგორც TCRC წერს, ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სომხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
“დასამალი არ არის, რომ თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დაწყება.
ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში, მკაფიოდაა ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების ჩიხიდან გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ”,- აღნიშნავს TCRC.
როგორც “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის
ცენტრი” წერს, თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზომაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლევა დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.
“მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ წინმსწრები პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდგომაა შესაძლებელი, თურქეთსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში გამართული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი– ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.
სანაცვლოდ სომხეთ – თურქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება”, – აღნიშნულია ანალიტიკურ მასალაში.
ამასთან, TCRC შესაბამის ფოტომასალაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლე ვადაში იქნება მისი ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი.
“სომხეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის რკინიგზის აღდგენა, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებში, აღნიშნული მონაკვეთი ბაქო
– თბილისი – ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს”, აღნიშნავს TCRC.