31 მაისიდან ძალაში შესული ე.წ. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული კანონი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-სგან და ძირითადად მიზანში იღებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს.
რადიო NOR-ი ნინოწმინდაში მდებარე ორ არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, დარეგისტრირდნენ თუ არა ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებული წესით. ორივე ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია არ გაუვლიათ, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დაამატა რომ,ამ ეტაპზე გრანტები არ აქვთ მიღებული და შესაბამისად, „უცხოური აგენტების“ სიაში რეგისტრაციასაც არ აპირებეენ.
კანონი ითხოვს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისა და პირების რეგისტრაციას, მათგან კონკრეტული დოკუმენტაციის გასაჯაროებასა და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. მისი მოთხოვნების დაუცველობა ან არასათანადო შესრულება, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა გამოიწვიოს მკაცრი სანქციები — ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით ან ფულადი ჯარიმა, იურიდიული პირებისთვის კი – მხოლოდ ჯარიმა.
კანონის სამოქმედო არეალი საკმაოდ ფართოა. ის ეხება:
- არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებსა და კერძო კომპანიებს, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან;
- ფიზიკურ პირებს, რომლებიც მოქმედებენ უცხოური ორგანიზაციების დავალებით, იღებენ მათგან დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში — მათ შორის ჟურნალისტებს, მრჩეველებს, ლობისტებსა და სარეკლამო აგენტებს.
- პირებს, რომლებიც „უცხოური პრინციპალის“ — უცხო ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის დავალებებს ასრულებენ და ავითარებენ მათ ინტერესებს საზოგადოებრივ თუ საინფორმაციო სივრცეში.
- კომპანიებსა და მეწარმეებს, რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებულნი არიან უცხოურ ფინანსურ წყაროებთან — მაგალითად, საკონსულტაციო და საინფორმაციო ფირმები.
კანონი ითვალისწინებს, რომ „უცხოური აგენტის“ სტატუსის რეგისტრაცია შესაძლოა შეეხოს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორს და მედიას, არამედ ბიზნესსექტორს და რიგით ფიზიკურ პირებსაც, თუკი ისინი იღებენ უცხოურ დაფინანსებას და აწარმოებენ აქტიურ საქმიანობას საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში.
იხილეთ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ე.წ. Fara – მიმოხილვა.