საქართველოს საზღვარზე სომხური კონიაკით დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი ისევ გაჩერებულია – სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს საზღვარზე სომხური კონიაკით დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი ისევ გაჩერებულია – სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომხური კონიაკით დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი ისევ გაჩერებულია, თუმცა 30-ზე მეტი მანქანა უკვე რუსეთშია.

ინფორმაციას სამინისტროზე დაყრდნობით NEWS.am ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ამ გაჩერებული სატვირთო ავტომობილების გადაადგილების ნებართვის მისაღებად ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გასულ კვირას სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ სომხური კონიაკით დატვირთულმა 52 სატვირთო ავტომობილმა, რომლებიც 50 დღის განმავლობაში საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იყო გაჩერებული, საზღვრის გადაკვეთისა და რუსეთში შესვლის ნებართვა მიიღო. თუმცა 72 ავტომობილი ჯერ ისევ საქართველოშია.

ცნობისთვის: სომხური კონიაკის მწარმოებლები საქართველოს საელჩოსთან პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილ მათ პროდუქციას საქართველოში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ტერმინალზე ექსპერტიზის საბაბით დღეებისა და ზოგჯერ კვირების განმავლობაში აჩერებენ. კერძოდ, თუ ადრე საქართველოს გავლით სომხეთიდან კონიაკის ტვირთის ექსპორტი ყოველდღიურად 4-7 სატრანსპორტო საშუალებით ხდებოდა, ამჟამად ექსპორტი, თითქმის, შეჩერებულია და კვირაში მხოლოდ 1-2 სატვირთო ავტომობილით ხორციელდება. სომეხ მწარმოებლებს ეჭვი აქვთ, რომ ქართული მხარე სომხური კონიაკის რუსულ ბაზარზე შესვლას კონკურენციის გამო ხელოვნურად აფერხებს.

ინვარ-აპრილში რუსეთში კონიაკისა და ბრენდის საცალო გაყიდვებში სომხეთი და საქართველო მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. კერძოდ, 64.6%-ით პირველ ადგილზე თავად რუსეთი, მეორეზე 21.6%-ით სომხეთი, ხოლო საქართველო 11.2%-ით მესამე ადგილზეა.