კორონავირუსის ახალი ვარიანტი NB.1.8.1, რომელსაც „ნიმბუსსაც“ უწოდებენ, ბოლო კვირების განმავლობაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – ძირითადად, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ვირუსის ეს ტიპი განსაკუთრებული სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს. მაშინ, რატომ აცხადებს რობერტ კოხის სახელობის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი (RKI), რომ საფრთხე, პრაქტიკულად, არ არსებობს?
მაისის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მისი „დაკვირვების ქვეშ“ არის კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამეცნიერო სახელწოდებით NB.1.8.1, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოში ვრცელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მისგან მომდინარე რისკი ამჟამად ჯანმო-ს მიერ „დაბალ დონედ“ არის შეფასებული. რობერტ კოხის ინსტიტუტიც (RKI) საკმაოდ მშვიდად იყო განწყობილი, როდესაც „ბავარიის რადიომ“ კორონავირუსის ახალი ვარიანტისგან მომდინარე საშიშროების შეფასება სთხოვა.
ვირუსის ტიპი NB.1.8.1 – როგორი სიტუაციაა ამჟამად გერმანიაში?
RKI-ის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი გერმანიაში პირველად მიმდინარე წლის მე-13 კალენდარულ კვირაში, ანუ 2025 წლის მარტის ბოლოს დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან (28 აპრილი) 25 მაისამდე კორონავირუსული ინფექციების 21 პროცენტი NB.1.8.1 ტიპის იყო, მაშინ როდესაც წინა თვეში, ანუ მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე, NB.1.8.1-ით ინფიცირების წილი მხოლოდ 6 პროცენტს შეადგენდა. „მიუხედავად ამისა, ინფექციების საერთო მაჩვენებელი ამჟამად დაბალ დონეზეა“, – აცხადებს რობერტ კოხის ინსტიტუტის პრესსპიკერი, სუზანა გლასმახერი.
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ნიმბუსი“?
RKI მიიჩნევს, რომ ვირუსის ახალ ვარიანტი NB.1.8.1 სულაც არ არის უფრო საშიში, ვიდრე აქამდე ცირკულირებადი ვირუსის ტიპები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მხოლოდ ვარაუდის დონეზე აცხადებს, რომ ვირუსის ახალი ტიპი, შესაძლოა, განსაკუთრებით გადამდები იყოს. ჯანმო-ს თანახმად, ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსის პროტეინში მომხდარი ცვლილებები, რაც ვირუსს ადამიანის უჯრედებზე მიმაგრებას უადვილებს.
რა სიმპტომები შეინიშნება ვირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების დროს?
RKI მიიჩნევს, კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების სიმპტომები, სავარაუდოდ, სხვა კორონავირუსული ვარიანტებით ინფიცირების მსგავსია. ინსტიტუტი თავის ვებ-გვერდზე, კერძოდ, ასახელებს გაციების ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხმის ჩახლეჩა და კიდურების ტკივილი. „სპეციფიკური სიმპტომების შესახებ დროდადრო გავრცელებული შეტყობინებები ანეკდოტურია და მეცნიერულად დადასტურებული არ არის“, – დასძენს RKI, „ბავარიის რადიოს“ შეკითხვის საპასუხოდ.
ვის უნდა ჩაიტაროს ხელახალი ვაქცინაცია ინფექციის წინააღმდეგ?
იმ პირებისთვის, ვინც მძიმე ავადმყოფობის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფება, RKI-თან არსებული ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია (STIKO) ბუსტერული დოზით ყოველწლიური აცრის რეკომენდაციას იძლევა. ე.წ. „მოწყვლად ჯგუფებს“, რომლებმაც ყოველწლიურად უნდა გაიკეთონ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ძირითადად, 60 წელზე უფროსი ასაკის პირები, ასევე სამედიცინო და მომვლელი პერსონალი მიეკუთვნებიან. ყველა სხვა ჯგუფისთვის STIKO ძირითად იმუნიტეტს კვლავ საკმარისად მიიჩნევს.
შეუძლიათ თუ არა კორონავირუსის ტესტებს ახალი ვარიანტის ამოცნობა?
RKI-ის თანახმად, კორონავირუსის ტესტებს ვირუსის ახალ ტიპის ამოცნობაც შეუძლიათ.
საიდან მოდის აჟიოტაჟი NB.1.8.1 ვარიანტის გარშემო?
„გრიპის ვირუსების შემთხვევაში, ვირუსების ახალი ტიპები გაჩენა ჩვეულებრივი ამბავია, კორონავირუსების შემთხვევაში კი ჩვენ ამას ჯერ არ ვართ მიჩვეულები“, – ამბობს სუზანა გლასმახერი. RKI-ის სპიკერის თქმით, ის, რომ ვირუსები მუდმივად იცვლება, სრულიად ნორმალურია.