89.3 მლნ ლარი უკვე გაიცა – დაგროვებითი პენსიით 22 135-მა პირმა ისარგებლა

89.3 მლნ ლარი უკვე გაიცა – დაგროვებითი პენსიით 22 135-მა პირმა ისარგებლა

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 623 ათასი ადამიანია. ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ აგვრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 135-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 89.3 მლნ ლარი.

„ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.

გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედა დინამიკურ პორტფელზე და ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.78% და 1.27% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა:

  • დინამიკური – 49.1%;
  • დაბალანსებული – 31%;
  • კონსერვატიული – 16.7%.

აღსანიშნავია, რომ ივნისის ძლიერი შედეგების ფონზე, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.8% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.7% და 11.6% იყო,“ – ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფონდის მონაცემებითვე, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ ივნისის ბოლოსთვის 7.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია.