„საქართველოში შედარებით დიდი ზომის მზის ელექტროსადგური შენდება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჩეხური კომპანია Photomate Eurasia-ის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ბოსტიაშვილმა განუცხადა.წერს bpn.ge
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ელექტროსადგური განთავსებული იქნება კახეთის რეგიონში, დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ. იქნება. აღნიშნული სადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება.
„CFD-ის აუქციონზე გამარჯვებული პროექტია, კონკრეტულ პროექტზე ახლა საუბარი არ შემიძლია, რადგან არ ვიცი ამის უფლება მაქვს თუ არა. შემიძლია გითხრათ რომ, ჩვენი პარტნიორი კომპანია აშენებს. ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა როგორც ფოტოვოლტური, ისე ინვერტორების მიწოდება. წლის ბოლომდე იგეგმება ამ მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება. საშუალო ზომის სადგურია და 6 მგვტ. სიმძლავრის არის. ეს სადგური იქნება კახეთის რეგიონში“, – აღნიშნავს ლევან ბოსტიაშვილი.
გარდა ამისა, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ქვემო ქართლში დაგეგმილია შედარებით დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. მისი დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ. იქნება. სადგური 2026 წელს შევა ექსპლუატაციაში.
„ამის გარდა აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ დაიწყო უკვე მშენებლობა. კერძოდ, მიმდინარეობს პირველადი მიწის სამუშაოები. აღნიშნული მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე იქნება 50 მგვტ. ამ სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წელს ვერ მოესწრება, სავარაუდოდ, გადაინაცვლებს 2026 წელს. განთავსებული იქნება ქვემო ქართლის რეგიონში“, – განაცხადა ლევან ბოსტიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.