ნინოწმინდაში პროექტის „ქართული თვითმყოფადობა“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდაში პროექტის  „ქართული თვითმყოფადობა“  ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი პროექტის – „ქართული თვითმყოფადობა“ – ფარგლებში ორგანიზებული საგანმანათლებლო შეხვედრა.ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ცნობიერების გაძლიერებას. შეხვედრაზე მოხსენებებით წარდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ჭეიშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ვაშაკიძე.

მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ანალიზი საქართველოს ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შესახებ, ისაუბრეს რეგიონების როლზე ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჯავახეთის რეგიონს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას განსაკუთრებით რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით და აღნიშნეს, რომ ასეთი დიალოგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცებას.ღონისძიება გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორი ,გიორგი ჭეიშვილი.