წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და დაკავებები. ისმის შსს-ს მოწოდება “მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ”. ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის შტურმი ვერ შედგა, მოიერიშეებმა ორბელიანისკენ დაიხიეს. სანაგვე ურნები, გარემოვაჭრეების მიერ დატოვებული ყუთები და კაფეების გარეთ დატოვებული სარეკლამო ინვენტარი ბარიკადების ნაწილი ხდება.
პლასტმასის ნაგვის ურნებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი უკიდია, რომელიც ცოტათი ანელებს მხუთავი აირის ზემოქმედებას. პროტესტანტების ნაწილს არც აირწინაღები უკეთიათ და არც სამედიცინო ნიღბები.
ბარიკადების ორივე მხრიდან ისვრიან ნივთებს, ქვაფენილის ქვებს. ორივე მიმართულებიდან ისმის წყევლა, გინება და მუქარა. პერიოდულად ვიღაც ცდილობს, პოლიციელების გადაბირებას – ხალხის მხარეს გადასვლას.
სპეცრაზმის დანაყოფი უკვე აკონტროლებს ათონელს, ორბელიანის მოედნის მისადგომებს და ცდილობს, ფურცელაძის ქუჩების ხალხისგან დაცლას მხუთავი აირით. პასუხად, კვამლმოდებულ თაბუკაშვილის ქუჩაზე ნასროლი ცრემლსადენი გაზის ვაზნებს ეკიპირებული ახალგაზრდები წყლიან ბოთლებში აგდებენ და აქრობენ.
პარალელურად რუსთაველზე მრავალათასიანი აქცია გრძელდებოდა ექსცესების მოლოდინში.
View this post on Instagram