ექს-გენპროკურორმა ფარცხალაძემ რუსული დროშის ქვეშ დანაყოფი შექმნა და უკრაინას ემუქრება

ექს-გენპროკურორმა ფარცხალაძემ რუსული დროშის ქვეშ დანაყოფი შექმნა და უკრაინას ემუქრება

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რუსეთში შექმნა მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მიიღებს მონაწილეობას. სააგენტო „ТАСС“-ის ცნობით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი“ რომანოვ-ფარცხალაძე ამ დანაყოფის მეთაური იქნება.

– „ჩვენი თანამოაზრეები და მხარდამჭერები, რომლებიც ემხრობიან ჩვენი ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას, ჩამოვაყალიბეთ დანაყოფი „გეორგიევსკი“, — განაცხადა საქართველოს ყოფილმა გენპროკურორმა.

დაჯგუფების დასახელება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.

რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს იმ ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ მსოფლიოს“ და მან ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება, „რუსეთის მხარეს მიეღო მონაწილეობა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.

საომარი მოქმედებების დასაწყისიდანვე საკუთარ გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება „რუს სამხედრო მოსამსახურეებს“.

– „დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ ზეწოლას საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, — დასძინა მან.

საქართველოში რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. ყოფილ გენპროკურორს ბრალი ედება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა რუსეთის ფედერაციის პასპორტის მიღების გამო. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ეს გარემოება ართულებს სამშობლოში მისი ექსტრადიციის პროცესს.