სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ახალგაზრდა გოგონამ, ჟანნა ჩოგანდარიანმა გახსნა მედიაწიგნიერების სკოლა “Cool School” ახალქალაქში.
ჟანნა ჩოგანდარიანი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. გულიკამიდან. ის თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანგლისტიკის სპეციალობით სწავლობს. “უამრავი სფეროთი ვარ დაინტერესებული, იქნება ეს ბიზნეს მენეჯმენტი, ენების შესწავლა, მედია თუ სხვა. ამ ყველა სფეროს გაერთიანების იდეა მომივიდა თავში და გადავწყვიტე მათი შეკრება “Cool School”-ის ირგვლივ.” როდესაც “ევროპულმა ფონდმა” პროექტ “ახალგაზრდული იდეის” ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, ჟანნამ “Cool School”-ის იდეა წარადგინა, მოიპოვა მცირე დაფინანსება და წამოიწყო თავისი საქმიანობა.
“Cool School” არის მედიაწიგნიერების სკოლა, რომელიც ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხმარება სხვადასხვა სფეროებში ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის საჭირო კონკრეტული ინსტრუმენტების შესწავლაში. ამჟამად პროექტის ფარგლებში მხოლოდ მედიაწიგნიერება ისწავლება, თუმცა ეს სფერო რამდენიმე შტოდ არის ჩამოშლილი:
- სოციალური მედია;
- დეზინფორმაცია;
- ფოტო-ვიდეო ხელოვნება;
- ვიდეო-მონტაჟი;
- აუდიო-მონტაჟი;
- ტექსტის რედაქტირება;
- ფოტოშოპი.
ტრენინგები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში, როგორც ახალქალაქში, ასევე სოფლებში. ეს სოფლებია: ხულგუმო, კარტიკამი, გულიკამი, კაჯო, ტურცხი. “პროექტის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა 30 ტრენინგი და 150 მონაწილე, თუმცა ამჟამად მონაწილეების რაოდენობა 200 უახლოვდება.” – აღნიშნავს ჟანნა.
კითხვაზე, სცდება თუ არა სკოლის საქმიანობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ჟანნამ გვიპასუხა, რომ პროექტი გათვალისწინებული იყო მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურების შემდეგ გადაწყვიტა ჩაერთო მოსწავლეები ნინოწმინდიდან, წალკიდან, ბორჯომიდან, ქვემო ქართლიდან და თბილისიდან. “მონაწილეები ფიზიკურად ვერ ესწრებოდნენ ტრენინგებს, რადგან ისინი ახალქალაქში ტარდებოდა, თუმცა შეძლეს ონლაინ ფორმატით დასწრება.”
პროექტი ამჟამად უკვე დასრულებულია, თუმცა იგეგმება მისი გაგრძელება მთელი საქართველოს მასშტაბით. “ამჟამად გუნდის წევრების რაოდენობა გაზრდილია. ვეძებთ თანამშრომლებსა და დონორებს პროექტის გასაგრძელებლად. გვინდა სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიც მოვიცვათ და უფრო გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა.” – ამბობს ჟანნა ჩოგანდარიანი.
იხილეთ ასევე: