ჟანნა ჩოგანდარიანი ჯავახეთის ახალგაზრდებიდან ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. იგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში ცხოვრობს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანგლისტიკას სწავლობს, თუმცა აპირებს ჩაბარებას და პარალელურად სწავლას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
ჟანნამ 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “4+1” პროგრამით მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული. “4+1” პროგრამის მიზანი გარდა ქართულ ენაში მომზადებისა, ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც ისახავს. დისტანციურმა რეჟიმმა ამ პუნქტის ეფექტურად შესრულება ბევრად შეაფერხა, რადგან სტუდენტებს უჭირდათ ქართული ენის სწავლა დისტანციურად. დღეში 4 საათი ისინი ლექციებს უთმობდნენ, რომლებიც ბუნებრივია, ქართულ ენაზე ტარდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ შეხება ქართველებთან, ისინი თავის ნასწავლს ვერ იყენებდნენ, ქართული ენის დაუფლებაც რთული გახდა.
ჟანნა სწორედ იმ სტუდენტებს შორის მოხვდა, რომლებმაც პანდემიის პიკის დროს დაიწყეს უნივერსიტეტში სწავლა. „ეთნიკურად სომეხი სტუდენტისთვის, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას, ჩემს შემთხვევაში ქართულს, „4+1“ პროგრამა კარგი შესაძლებლობაა ენის შესწავლისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, თუმცა მან არ დადო ის შედეგი, რომელიც აუდიტორიებში სწავლის დროს შეიძლება ყოფილიყო.“ – ამბობს ჟანნა.
ქართული ენის უფრო კარგად შესასწავლად და მისი პრაქტიკაში გამოყენების ხელშესაწყობად, ჟანნამ სხვადასხვა ხერხებს მიმართა. ერთ-ერთი იყო ტრენინგები, სემინარები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ქართულ ენაზე იმართებოდა. „ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჯგუფში ერთადერთი სომეხი ვიყავი, ამიტომ მიწევდა ქართულ ენაზე საუბარი და ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხვდებოდი, რომ ჩემი ნათქვამი ესმოდათ. ეს ყველაფერი მოტივაციას მაძლევდა იმისათვის, რომ უფრო მეტი მესწავლა.“
რამდენიმე თვეში ჟანნა თბილისში გადავიდა მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ისევ ონლაინ ფორმატით წარიმართებოდა. დედაქალაქში მან უფრო კარგად შეისწავლა ქართული და დღეს ის უკვე მოტივაციის წყაროა ჯავახეთში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვის.
„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა თვითგანათლება და თვითგანვითარებაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულიც სწორედ ამის მეშვეობით ვისწავლე. აგრეთვე დაინტერესებული ვარ მედიისა და ბიზნესის სფეროებით.“
ჟანნამ 2020 წელს GIPA MediaLab პროგრამის ფარგლებში მოიპოვა გრანტი უნივერსიტეტში უფასოდ სწავლისთვის. ამჟამად იგი მის მიერ დაფუძნებულ სკოლაში (Cool School) სამცხე-ჯავახეთის სხვა ახალგაზრდებს უზიარებს თავის ცოდნას. სექტემბრიდან იგი იწყებს ენების, მედიაწიგნიერების, ინჟინერიის, პროგრამირებისა და სხვა კურსებს.
„უფრო მეტის შესასწავლად საქართველოს შემდეგ ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას და სწავლის იქ გაგრძელებას ვაპირებ. განათლება ნებისმიერი პრობლემის მოგვარების ერთადერთი იარაღია, სწორედ ამიტომ ვუთმობ მე ჩემი დროის დიდ ნაწილს მას.“ – ამბობს ჟანნა.
დაწვრილებით ჩვენს აუდიო მასალაში.