ფოტო არქივიდან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია 300 000 ლარს გამოყოფს ქალაქის გზებზე არსებული ორმოების დასაფარად.
ნინოწმინდის ზოგიერთ ქუჩაზე (პუშკინის, სპანდარიანის, ტერიანის და სხვ.), გზები სავალალო მდგომარეობაშია. არსებული ორმოების გამო ქალაქში გადაადგილება ავტომობილებს უჭირთ. 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორმოების ამოსავსებად 100 000 ლარი გამოიყო, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა ქუჩის აღსადგენად.
სამუშაოებს უძღვებოდა კომპანია “ჯავახავოგზა”, რომელმაც პუშკინისა და კარლ-მარქსის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ზოგიერთი პატარა ორმო კომპანიამ ასფალტით, ბეტონითა და ქვიშით დაფარა, მაგრამ უფრო დიდები კვლავ საფრთხეს უქმნის მძღოლებს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ გამოყოფილია თანხა დანარჩენი გზების აღსადგენად, თუმცა შესაძლოა ეს თანხაც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან ასეთივე სიტუაციაა სოფლების გზებზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული.