10 მარტს დასრულდა CENN-ის მიერ ორგანიზებული მორიგი რეგიონალური ბანაკი, რომელიც პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა.
თითოეულ ნაკადში 30-მდე მონაწილე იყო ორივე ქვეყნიდან. სულ განხორციელებულ იყო 6 ბანაკი. ბანაკის მონაწილეები იყვნენ საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის (ნინოწმინდა, გორი, ახმეტა) და სომხეთის 3 რეგიონის (ტავუში, ლორი, შირაკი) ახალგაზრდები, რომლებმაც 10 დღის განმავლობაში ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიარეს ტრენინგები გარემოსდაცვითი, სოციალური მეწარმეობის, ახალგაზრდული შესაძლებლობების მიმართულებით. ბანაკი ტარდებოდა ინგლისურ ენაზე, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენებას.
ტრენინგის მონაწილეებმა ნინოწმინდიდან რადიო NOR-თან ისაუბრეს შთაბეჭდილებების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ ამგვარ პროექტებში აქტიური ჩართულობაა საჭირო, რადგან ესენი ცოდნის მიღების გარდა, ახალი მეგობრების შეძენასა და კონტაქტების დამყარებაში ეხმარება ადამიანს.
რეგიონული მწვანე ბანაკის მიზანი იყო საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ცირკულარული გადაწყვეტების შესახებ, ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაზიარების გზით, მწვანე ზრდის ხელშეწყობა ორივე ქვეყანაში.