დასრულდა სამწლიანი პროექტი, SEED სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოში CENN-ის, KRDF-ისა და სომხეთში ორგანიზაცია Green Lane-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. SEED პროექტი მუშაობდა გორში, ახმეტასა და ნინოწმინდაში, ასევე სომხეთის სამ რეგიონში: შირაკში, ლორსა და ტავუშში.
31 მარტს თბილისში პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ორგანიზაციების დირექტორებმა და საქართველოში პროექტის მენეჯერმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. ასევე წარმოდგენილ იქნა კატალოგი, სადაც დეტალურადაა ასახული პროექტის შედეგები.
SEED პროექტი 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის მარტში დასრულდა. ის მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას საქართველოსა და სომხეთში შესაძლებლობების გაზრდის გზით, სუბნაციონალური, ეროვნული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ქმედებების ხელშეწყობას, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე (გარემოსდაცვითი) ინოვაციებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
კონფერენციის შემდეგ პროექტის 18-მა გრანტიორმა სოციალურმა და მწვანე მეწარმემ სომხეთიდან და საქართველოდან საკუთარ პროდუქტები და სერვისები გამოფენაზე წარადგინეს.
20 რეკომენდაცია გაიცა მთავრობაში, რათა ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმეობის, როგორც იურიდიული სტატუსის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და დანერგვას.
პროექტმა სამი წლის მანძილზე შექმნა სამი საუნივერსიტეტო პროგრამა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. ისეთები, როგორიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობის პროგრამა სომხეთის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში, მეწარმეობაზე ორიენტირებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამა ISET-ში და მწვანე მეწარმეობის პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა ორი ქვეყნის მასშტაბით იყო ორგანიზებული 4 დასაქმების ფორუმი, სადაც 900-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა და, რომლის შედეგადაც 67 ახალგაზრდა დასაქმდა სხვადასხვა არასამთავრობო თუ ბიზნეს ორგანიზაციაში.
- ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბის აქტივისტებს სერტიფიკატები გადაეცათ
- ნინოწმინდელმა ახალგაზრდებმა 10 დღე CENN-ის მწვანე ბანაკში გაატარეს
- იდეათონი, ეკო-კლუბების პრემია და ბანაკები… რა ხდება ახალგაზრდულ ცენტრში?
პროექტი ძირითადად მუშაობდა ახალგაზრდების გაძლიერებაზე. საბოლოოდ 6 000 ახალგაზრდა იქნა გადამზადებული ტრენინგების, სემინარებისა და მეწარმეობის სასერტიფიკატო კურსების მეშვეობით. ჩატარდა 6 რეგიონალური ბანაკი, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეებთან, და 7 ბანაკი მხოლოდ საქართველოს მონაწილეებთან. ასევე ახალგაზრდების გასაძლიერებლად შეიქმნა 6 ინოვაციური ცოდნის ჰაბი თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, რომლებსაც დღესდღეობით 4000-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.
SEED-ის ფარგლებში ჩატარდა 3 საგრანტო კონკურსი სოციალური და მწვანე საწარმოების დასაფუძნებლად. კონკურსების შედეგად გაიცა 27 გრანტი. სრული თანხა შეადგენს 230 000 ევროს. ნინოწმინდაში კონკურსების შედეგად ახლა 4 სოციალური და მწვანე საწარმო არსებობს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ სამ წელს შეუფერხებლად არ ჩაუვლია. 2020 წლის დასაწყისში, Covid-19 დაემთხვა ძირითად აქტივობებს, რის გამოც აქტივობები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დისტანციურ ფორმატში ტარდებოდა. აგრეთვე რთული იყო იმ ახალგაზრდების მობილიზება, რომლებიც აქამდე არ იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამგვარ აქტივობებში.
ახლა პროექტი დასრულებულია, თუმცა CENN-ი აგრძელებს თავის საქმიანობას ნინოწმინდაში სხვა პროექტებზე.