ორსანტია – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფელი საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთში, თუმცა იგი გამოირჩევა იმით, რომ აქ ცხოვრობს ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან.
1992-1993 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, ხელში ჩაიგდეს რეგიონში ძალაუფლება. მას შემდეგ ეს ტერიტორია თბილისის მიერ არ კონტროლდება. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აფხაზეთის 300 000-მდე მცხოვრები (ძირითადად ეთნიკურად ქართველი) იძულებით გადმოსახლდა საქართველოს სხვა რეგიონებში.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 2009 წლის 30 აპრილიდან, აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო უზრუნველყოფს. ამ დღეს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. ამ დროიდან იწყება სგპ-ების ფუნქციონირება და უფრო მკაცრი „სასაზღვრო“ კონტროლის განხორციელება.
2013 წლამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება „ფორმალურად“ მხოლოდ ენგურის გამშვებ პუნქტს ცნობდა. თუმცა, გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე ადგილობრივი, ძირითადად ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა, შემოვლითი გზებით ახერხებდა გადაადგილებას. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 2013 წელს ხუთი ახალი გადასასვლელი პუნქტი გაიხსნა. ამ პუნქტებით ოთხი წლის განმავლობაში ინტენსიურად სარგებლობდა ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა.
თუმცა 2017 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ „ენგურის“ გარდა ყველა გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
“ვოცნებობთ მშობლიურ მიწაზე კვლავ დავადგათ ფეხი”
სოფელ ორსანტიაში ჩვენ შევხვდით ეკატერინეს, რომელიც უკვე 29 წელია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ცხოვრობს. როდესაც ომი დაიწყო ეკატერინე 19 წლის სტუდენტი იყო.
“ვზივართ და გვესმის, როგორ ბომბავენ სახლებს, შენობებს. მამაჩემმა მანქანა გააჩერა, ჩაგვაჯინა და გვითხრა: “წადითო!”. მაგრამ სად უნდა წავსულიყავით, ისიც კი არ ვიცოდით”, – იხსენებს ეკატერინე, – “მთელი ცხოვრება იმ ხალხის მადლიერი უნდა ვიყოთ, ვინც აქ [კოკში] მიგვიღო. უსასყიდლოდ მოგვცეს ღამის გასათევი ადგილი, საჭმელი… ისე გვექცეოდნენ, რომ არავის უგრძვნია თავი ზედმეტად… ახლა ოჯახებიც გვყავს, სახლიც მოგვცეს, მაგრამ გულში მაინც არის იმ პატარა იმედის ნაპერწკალი, რომ დაგვიბრუნდება ჩვენი მიწა-წყალი…”.
ახლა ეკატერინე 49 წლისაა. სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ზრდის შვილებს და სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც ეხმარება.
ორსანტიასთან ახლოს სოფელ ხურჩში ცხოვრობს ნონა ბუკია. სოფელი ე.წ. საზღვართან 50 მეტრში მდებარეობს. ის ახლომდებარე სოფლის, ნაბაკევის მცხოვრები იყო. 1993-1994 წელს ეს სოფელი დაკავებული ჰქონდა რუსეთის ჯარს, 1995 წელს დაუბრუნდა საქართველოს. 1998-ში განმეორდა ისტორია, 2008-ში კი შემოტევა არ ყოფილა, მაგრამ ასობით ტანკმა გაიარა გორისკენ.
“ახლა ე.წ. “საზღვრისპირა” სოფლებში სიტუაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს. მაგრამ საფრთხე იმისა, რომ საოკუპაციო ხაზი წინ გადმოიწევს, მაინც არსებობს”.
ნაბაკევის ყოფილი მკვიდრია ფირუზა ძიგუაც, რომელიც ასევე ომის დაწყებისთანავე გადმოსახლდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ის ჰყვება, რომ ადიდებული ენგურიდან მოუწია გადასვლა. “ახლა აფხაზეთში ცხოვრობს ჩემი ძმა, თავის ოჯახთან ერთად. მე გადასვლა არ შემიძლია, არ გვიშვებენ აქედან. მაგრამ იქიდან [აფხაზეთიდან] თუ ადამიანს აქვს დე-ფაქტო აფხაზეთის პასპორტი, რუსული პასპორტი, შეუძლია გადმოვიდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ კი ასე შორიდან გავყურებთ ჩვენს სამშობლოს”, – გვიყვება ფირუზა.
დეტალურად მათ ისტორიებს გაეცანით ჩვენს აუდიო პროგრამაში.