გიორგი მეტრეველი – ახალქალაქის ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი “მურჯის” სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია. ანსამბლი “მურჯი” 2010 წლიდან ფუნქციონირებს და 2011 წლიდან მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონცერტებზე.
გიორგი 27 მისიდან სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდა პროექტ “NCA კულტურული გზაჯვარედინი: თანამედროვე ხელოვანების ვიზიტი საქართველოდან და ირანიდან (NCA Cultural Crossroad:Visit of modern artists from Georgia and Iran)“ ფარგლებში. ამ პროექტის ფარგლებში მან ქართული ხალხური ცეკვის უფასო მასტერკლასები ჩაუტარა დილიჟანელ ბავშვებს. მასტერკლასის მეხუთე დღეს კი ბავშვებმა და მოზარდებმა დამოუკიდებლად იცეკვეს „აჭარული“.
პროექტის შესახებ გიორგიმ მეგობრებისგან გაიგო, გააგზავნა საჭირო საბუთები, გაიარა გასაუბრება და მალევე მიიღო პასუხი. „გაცვლითი პროგრამის სახე ჰქონდა, — ამბობს გიორგი, — და არ იყო ანაზღაურებადი. სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები ვიყავით: ქორეოგრაფი, მხატვარი, კალიგრაფისტი და სხვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები“.
გიორგისთან ერთად საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ კალიგრაფისტი გიორგი სისაურ და მხატვარი სალიო ღვინიაშვილი.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ხელოვანები 3 ქვეყნიდან: საქართველოდან, ირანიდან და სომხეთიდან (თითო ქვეყნიდან 3 წარმომადგენელი). მასტერკლასები სომხეთის 5 ქალაქში ტარდებოდა, თუმცა გიორგის მხოლოდ დილიჟანის სათემო ცენტრში, ცეკვების სკოლა “ნაზანი”-ში მოუწია მათი ჩატარება.
„ავირჩიე აჭარის რეგიონი და აჭარული ფოლკლორიდან ვასწავლე ბავშვებს რამდენიმე მოძრაობა მხოლოდ. შემდეგ ეს ყველაფერი ავაწყეთ მუსიკით და მეხუთე დღეს უკვე წარვადგინეთ მაყურებლის წინაშე.” – იხსენებს გიორგი.
გიორგი ამბობს, რომ მოსწავლეებთან კომუნიკაცია არ გასჭირვებია, რადგან კარგად იცის რუსული, ინგლისური და გამომდინარე იქიდან, რომ ახალქალაქში ბევრი სომეხი მოსწავლეც ჰყავს, სპეციფიკური ტერმინები სომხურადაც იცის. ის ფიქრობს, რომ ხელოვნებაში ერთმანეთის გაგება არც ისე რთულია, რადგან მოცეკვავე მოძრაობების ენით საუბრობს, მხატვარი ფუნჯითა და ფერებით და ა.შ.
ჰენრიკ იგითიანის სახელობის ესთეტიკის ეროვნულ ცენტრის (NCA) ორგანიზებითა და სომხეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებული პროექტი მოიცავდა არა მხოლოდ მასტერკლასებს, არამედ მოგზაურობას სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში და ვორქშოფებს. მიზანი იყო კულტურული გაცვლა სამი ქვეყნის ხელოვანებს შორის. პროექტი 20 დღიანი იყო, თუმცა გიორგის მალე მოუწია საქართველოში დაბრუნება პირადი მიზეზების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე დარჩენა მან ვერ მოახერხა, ის მაინც კმაყოფილი დაბრუნდა საქართველოში, რადგან მისი თქმით “ასეთ მოკლე დროში, ასეთი კარგი შედეგები დაიდო”. გიორგი ფიქრობს, რომ ამგვარი პროექტების არსებობა ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის დამყარებას.