ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. პატარა არაქალისთვის აღნიშნული პროგრამით 16 000 ლარია გამოყოფილი. თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს ნაგებობის რეაბილიტაცია ვერ გადაჭრის მთავარ პრობლემას – სასმელი წყლის ნაკლებობას.
სასმელი წყლის ერთი აუზი (100 კუბური მეტრის მოცულობის) მდებარეობს მდინარე თავფარავნის ნაპირზე, ორი კი 250 მეტრის მანძილზე, სოფელთან ახლოს, კლდეზე. ქვედა აუზში წყალი ბუნებრივი წყაროდან ივსება, შემდეგ სატუმბი აპარატის მეშვეობით სასმელი წყლის ნაკადი ზედა აუზებში ჩაედინება, რის შემდეგაც მიეწოდება სოფლის მოსახლეობას.
არმენ ჰოვჰანნისიანი, სოფლის მცხოვრები და 2008 წლიდან სატუმბი სადგურის ნაგებობის ზედამხედველი, ამბობს, რომ ახლა ბუნებრივ წყაროებში სასმელი წყლის რაოდენობა შემცირდა, რის გამოც აუზი არ ივსება მალე. 100 კუბური მეტრის მოცულობის აუზის გასავსებად საჭიროა 40-50 საათი, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ 24 საათში ივსებოდა.
სოფლის მდებარეობა და რელიეფი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წყალი ყველა სახლამდე მივიდეს. “სასმელი წყლის ოდენობა მცირეა. დაბლობსა და აუზთან ახლოს მდებარე სახლებისკენ წყალი უპრობლემოდ მიედინება, ხოლო მაღლა მდებარე სახლებს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, წყალი თითქმის არ აქვთ”, – ამბობს არმენ ჰოვჰანნისიანი.
ადრე წყლის მიწოდება 3 დღეში ერთხელ ხორციელდებოდა. იმის გამო, რომ ხალხს არ ჰყოფნიდა წყალი, 2 დღეში ერთხელ დაიწყეს მიწოდება (თვეში 15 დღე), ახლა კი თვეში 20 დღე მიეწოდება სასმელი წყალი მოსახლეობას. თუმცა ეს მაქსიმალური ნიშნულია, რადგან წყაროებში წყლის ოდენობა დღითიდღე მცირდება. როგორც, ჰოვჰანნისიანი ამბობს, საჭიროა ამ წყაროების აღდგენა ან სასმელი წყლის სხვა წყაროს პოვნა, რათა აუზი სრულად გაივსოს.
ზამთარში სიტუაცია უფრო რთულდება, რადგან წყალი მილებში იყინება. ამის გამო სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობაში აირის სარჩილავით ადნობენ მას საათების განმავლობაში. გარდა ამისა, ქვემოდან, ზედა აუზამდე ასვლაა რთული თოვლის გამო.
— “მაგრამ სხვა რა გზაა… სანამ ზედა აუზი არ გაივსება, წყალზე წვდომა სოფელს არ ექნება. ყველაზე მძლავრი სატუმბი აპარატიც კი ვერ მოამარაგებს წყლით მთელ სოფელს ქვემოდან, თუ კი ბუნებრივ წყაროებში საკმარისი წყალი არ იქნება,” — ამბობს არმენი.
ცუდ მდგომარეობაშია თვითონ ნაგებობა, სადაც სატუმბი აპარატებია განთავსებული. დაზიანებულია ჭერი, კედლები. სწორედ ეს ნაგებობა გარემონტდება 2023 წელს.
ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა 20 მარტს გამოაცხადა ტენდერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით პატარა არაქალში სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისას განხორციელდება შემდეგი სამუშაოები: რკინა/ბეტონის სარტყლის მოწყობა, შიდა კედლების გალესვა არმირებული ბადით, ჭერში გამათბობელი ფენის მოწყობა, ლითონის კარების მონტაჟი და შეღებვა, სახურავის პარაპეტის და კედლების გარშემო ამოშენება, გარე კედლების გალესვა, სახურავის შეცვლა, მეტალპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი.
საპროექტო დოკუმენტი შემუშავებულია ინდივიდუალური მეწარმე, ზვიად გოგოლაძეს მიერ.