ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ქსელში ჩართული კარგი პრაქტიკის მქონე 5 საუკეთესო სკოლას შორის მოხვდა.
ცნობისთვის:
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ს უკვე 15 წლიანი ისტორია აქვს (2007 წელს დაარსდა), რომლის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. საგანმანათლებლო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები. საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის დანერგვის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა საბაზო საფეხურზე.
2022-2023 სასწავლო წელს გამოცხადებული იყო კონკურსი საქართველოს მასშტაბით, სადაც 75 სკოლა იღებდა მონაწილეობას CK-12 პლატფორმის რესურსებისა და პრაქტიკის დანერგვისა და გავრცელების მიზნით. აქედან ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა ერთადერთი სომხურენოვანი სკოლაა, რომელმაც CK-12-ის პრაქტიკა დანერგა. პ
ლატფორმაზე რესურსები ხელმსაწვდომია მხოლოდ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, რაც სირთულეს წარმოადგენდა სომხურენოვანი სკოლის პედაგოგებისთვის. მათ უწევდათ ამ ელექტრონული რესურსების გადათარგმნა და მოსწავლეებისთვის მიწოდება. #1 საჯარო სკოლიდან CK-12-ის პრაქტიკის დანერგვაში ჩართულნი იყვნენ მათემატიკის, ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლები.
გარდა პრაქტიკის საკუთარ სკოლაში დანერგვისა, ისინი ავრცელებდნენ რესურსებსა და ინფორმაციას CK-12-ის შესახებ სხვა სკოლებშიც, კერძოდ მე-3 და მე-4 სკოლაში.
22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე გამოვლინდა 5 საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლა. აქ ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლაც მოხვდა და პრიზად ეკრანი და პროექტორი მიიღო. საუკეთესო 5 სკოლას შორისაა ასევე: ქუთაისის №23 და №33 საჯარო, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. რეხის, ნინოწმინდის №1 და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანის საჯარო სკოლები.
როგორც პედაგოგები რადიო NOR-თან საუბრისას აღნიშნავენ, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, რადგან მათ არ უწევდათ მხოლოდ თეორიის მოსმენა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი სასწავლო პროცესი უფრო სახალისოდ მიმდინარეობდა.
უფრო დეტალურად ამის შესახებ პროგრამაში ჩართული პედაგოგები, არუსიაკ მღდესიანი და ნელი პოდოსიანი საუბრობენ.