ცხოვრება სოფელში, სადაც არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებს და არც საგზაო ინფრასტრუქტურაა განვითარებული

ცხოვრება სოფელში, სადაც არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებს და არც საგზაო ინფრასტრუქტურაა განვითარებული

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 31 სოფელს მოიცავს. აქედან მხოლოდ 6 მიმართულებით არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ესენია:

  • ეშტია-ნინოწმინდა (სტაბილურად დადის ყოველდღე, სოფელ ყაურმის გავლით);
  • დილითი- ნინოწმინდა (სტაბილურად დადის ყოველდღე, სოფელ მამწვარას და დიდი გონდრიოს გავლით);
  • სამება-ნინოწმინდა (სოფელ ჟდანოვის, ეფრემოვკის, გორელოვკის და ორლოვკის გავლით);
  • თორია-ნინოწმინდა (მუშაობს გრაფიკით, სოფელ ეშტიის და ყაურმის გავლით);
  • გონდრიო-ნინოწმინდა (მუშაობს გრაფიკით);
  • ტამბოვკა-ნინოწმინდ (მუშაობს გრაფიკით, და გადის სოფელ ფარავანთან, ფოკაში, განძაში, საღამოში, დიდი არაქალის გზაზე, სათხეში).

გამოდის, რომ სოფელ ყულალისში, პატარა ხორენიაში, ჯიგრაშენში, უჩმანაში, სპასოვკაში, პატარა და დიდ არაქალში, ვლადიმიროვკაში, დიდ და პატარა ხანჩალში, კათნატუში არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

რა პრობლემების წინაშე დგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო  მოსახლეობა?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობა ქალაქში ხშირად მოდის, პირადი საქმეების მოსაგვარებლად, საყიდლებზე, ბავშვები დაჰყავთ სხვადასხვა წრეებზე, რომლებიც სოფლებში არ გააჩნიათ. ამის გამო ვისაც საკუთარი ავტომანქანა ჰყავს, ის უპრობლემოდ გადაადგილდება, ხოლო დანარჩენ ნაწილს, ვისაც სატრანსპორტო საშუალება არ ჰყავს, უწევს ტაქსის დაქირავება, რაც ზოგი სოფლისთვის ძვირია.

მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობისა არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაც. გზების სავალალო მდგომარეობის გამო ხალხის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიც ფუჭდება. “სანამ სოფლის შიდა გზიდან ცენტრალურ ტრასაზე გამოვდივართ ნახევარ საათამდე დრო გვეხარჯება. რა ვქნათ მაშინ, როცა ავადმყოფის გადაყვანა გვჭირდება? გვპირდებიან გავაკეთებთო [საუბარია გზებზე], მაგრამ საბოლოოდ მაინც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ”, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი.

რამდენიმე კვირის წინ სოფლის გზები ძლიერი წვიმის შემდეგ წყალმა წაიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არმენ ბდოიანმა და სოფელ ფარავანში მერის წარმომადგენელმა, მასის აღაიანმა მაშინ [13 ივნისს] გვაცნობეს, რომ ამ გზაზე მოხრეშვის სამუშაოები ჩატარდება, თუმცა დღეს, სოფელში მისვლისას იგივე სიტუაცია დაგვხვდა. სოფლის მოსახლეობა წუხს, რომ მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ.

სოფელი ფარავანი ნინოწმინდიდან 37 კმ-ში მდებარეობს. ამჟამად აქ 60-მდე ოჯახია დასახლებული. სოფელში არ არის როგორც შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაც, რაც მოსახლეობას გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, შუშანიკ მკრტჩიანი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს უწევთ ფოკის საჯარო სკოლაში სიარული. “ადრე ტრანსპორტი იყო, ახლა კი სექტემბრიდან რა მოხდება არავინ იცის”, – ამბობს ის.

 

როგორ უმკლავდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობას იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც სწავლება 9-წლიანია?

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები მოსწავლეთა გადაყვანისთვის სხვა სკოლებში. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 38 სკოლა, აქედან 8 საბაზო განათლებაზეა, ე.ი. სწავლა შესაძლებელია მხოლოდ მე-9 კლასამდე. ეს არის სკოლები სოფლებში: ეფრემოვკა, საღამო, ვლადიმიროვკა, როდიონოვკა (ფარავანი), სპასოვკა (სომხური), ყაურმა, პატარა არაქალი, კათნატუ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი. ტრანსპორტირებას კი სრულად სახელმწიფო აფინანსებს.

ნინოწმინდის მერიას საზოგადოებრივ ტრანსპორტის სერვისი არ აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არც კი იციან სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ და სწორედ ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას. “რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, არ უნდათ ზედმეტი თავის ტკივილი გაიჩინონ. მართალია უნდათ, რომ კარგად იცხოვრონ, გვქონდეს პირობები, მაგრამ ბრძოლას არავინ აპირებს. ამბობენ, ჩემგან არაფერი გავიდესო მთავარია… [იგულისხმება, ჩივილი და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება]”, – ამბობს სოფელ ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

ამავე რესპონდენტის თქმით, აზრი არ აქვს მოქმედებას და ჩივილს, რადგან ხალხი იმედგაცრუებულია და ამჯობინებს ჩუმად ყოფნას.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ისინი ამბობენ, რომ ახლო მომავალში ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული ტრანსპორტის სერვისის დანერგვა.

სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს. 2021 წლის 2 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ საკრებულოს პეტიციით მიმართა, რომელსაც ხელი 500–მა ადგილობრივმა მოაწერა. 2022 წლის 27 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მოქმედმა მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა პირობა დადო რომ 2023 წელს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯი–თი გრუპმა“ გაიმარჯვა. ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტს  Isuzu–ს ბრენდის Novociti მოდელის 18 ავტობუსს წლის ბოლომდე გადასცემს. 18–დან  3–4 ავტობუსი ქალაქ ახალციხეს მოემსახურება, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებს.

ავტობუსების შესაძენად ჯამში 6 მლნ ლარი დაიხარჯება, თვითმმართველობა თანხას სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაფარავს. ახალციხის მერის თქმით, მგზავრობის ღირებულების გადახდას მოსახლეობა პლასტიკური ბარათით შეძლებს. შეღავათები დაწესდება სოციალური ჯგუფებისთვის.