ნინოწმინდაში მოსახლეობა სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემას აწყდება. ზაფხულის დადგომასთან ერთად ქალაქში წყლის რესურსების სიმწირის პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ხალხის ნაწილი ამას ამინდის პირობებს უკავშირებს, ნაწილი კი მოსახლეობის ნაწილის გულგრილობას.
ამასთან დაკავშირებით, რადიო NOR-მა მიმართა პასუხისმგებელ პირს – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის ნინოწმინდის სერვის ცენტრს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა, რაც ნინოწმინდის სერვის ცენტრს ახალი მენეჯერი ჰყავს, რომლის სახელიც ამ დრომდე უცნობი იყო რადიო NOR-ისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის.
ვინ გახდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის სერვის-ცენტრის უფროსი?
ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიგვიმართავს სერვის-ცენტრის თანამშრომლებისთვისა და ყოფილი მენეჯერის/უფროსის არზუნ გოროიანისთვის, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. თვითონ მენეჯერი კი სერვის-ცენტრში არ გვინახავს, რადგან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი შვებულებაში იმყოფებოდა.
დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე არაერთი ზარისა და შეტყობინების შემდეგ ახლანდელი უფროსის/მენეჯერის ვინაობა ცნობილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის ოპერატორმა ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, თუმცა კომპანიის Facebook გვერდის ოპერატორმა გვაცნობა, რომ ნინოწმინდის სერვის-ცენტრის ამჟამინდელი უფროსია არკადი კვატაშიძე.
მის შესახებ სხვა სახის ინფორმაცია ჯერ-ჯერობით რადიო NOR-ისთვის უცნობია, თუმცა ინფორმაცია განახლდება და ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ყოფილ უფროსს, არზუნ გოროიანს, იგი ახლა კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის ტექნიკური განყოფილების უფროსადაა დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის აბონენტთა ნაწილს ამჟამად სასმელ წყალზე წვდომა არ აქვს. როგორც თვითონ თანამშრომლები ამბობენ, ამის მიზეზი მოსახლეობის ნაწილის დაუდევრობა და გულგრილობაა. ისინი სასმელ წყალს ბოსტნების მოსარწყავად იყენებენ და ამის გამო ზოგ აბონენტებამდე სასმელი წყალი არ მიდის და როდესაც წყლის მრიცხველები დამონტააჟდება ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.
ქალაქის მცხოვრებლების ნაწილი რამდენიმე დღეა, რაც საუბრობს იმაზე, რომ კომპანიის თანამშრომლები აჯარიმებენ აბონენტებს სასმელი წყლის სხვა მიზნებით მოხმარებისთვის. ამის შესახებ კომპანიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, უფლებამოსილია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს ან დააჯარიმოს იგი.
სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება:
- სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენების თვითნებურად მიერთება;
- შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა;
- სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში);
- სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება;
- სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება;
- ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება:
- წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება;
- მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა;
- წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგელობა.
იხილეთ ასევე: