“საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში”, – ამ განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე გამოვიდა.
როგორც ღარიბაშილმა თქვა, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში.
„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ერთგული რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. “ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს.
ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის.
მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, – განაცხადა პრემიერმა.
წყარო BMG