“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება” — ხელმოწერების შეგროვება თბილისის ქუჩებში

“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება” — ხელმოწერების შეგროვება თბილისის ქუჩებში

20 აგვისტოს საღამოს მეტრო „დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების პუნქტი მუშაობდა: გამვლელები ადგილზევე აწერდნენ ხელს პეტიციას, რომელიც Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმებასა და კრწანისის ტყე-პარკის დაცვას ითხოვს.

აქციის ორგანიზატორები ხელმოწერებს იმისთვის აგროვებენ, რომ 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, კრწანისის ტყეში მასობრივი შეკრება გამართონ — კრწანისის ბრძოლიდან 231 წლისთავზე.


ფოტო: ხელმოწერების შეგროვება მეტრო „დელისთან”, 20 აგვისტო. ფოტო: რადიო NOR

მოთხოვნა

პეტიცია 11 აგვისტოს გამოქვეყნდა ონლაინ-პლატფორმაზე peticia.org, სადაც საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს ხელმოწერის ღიად ან ანონიმურად დაფიქსირება შეუძლია.

ავტორები ორ რამეს ითხოვენ: Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას და, სანამ ეს მოხდება, სრული ხელშეკრულებისა და მისი ყველა დანართის გამოქვეყნებას. მათი თქმით, სანამ დოკუმენტი დახურულია, ვერავინ დაამტკიცებს, რომ პროექტი ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

წინააღმდეგობა

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი ორიენტირებულია უცხოელებზე, მათ შორის მათზე, ვისაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვება სურს. ავტორების შეფასებით, ტერიტორიის შემოღობვა შექმნის ე.წ. “ანკლავს” — იზოლირებულ სივრცეს, რომლის გარეთაც მოქალაქეების უმეტესობა დარჩება, ხოლო პროექტის არქიტექტურულ გადაწყვეტას ქართულ ტრადიციასთან კავშირი არ აქვს.

– “მსგავს მასშტაბურ უცხოურ პროექტებს ხშირად თან სდევს საკუთარი სამუშაო ძალის შემოყვანა, ადგილობრივები კი მიწის გარეშე რჩებიან”.

ავტორების თქმით, რუსთავში ოჯახებს მიწის დათმობა უწევთ, ხოლო ათასობით მოქალაქეს კრწანისის ტყესთან ახლოს მდებარე მიწების ექსპროპრიაცია ემუქრება. მათივე განმარტებით, ისინი ინვესტიციების წინააღმდეგ არ არიან, თუმცა ამ პროექტს ინვესტიციად არ მიიჩნევენ.

რისკები

პეტიციის ერთერთი ავტორი, დავით გუნაშვილი, “რადიო ნორთან” საუბრისას “ინტერ რაოსთან” საარბიტრაჟო დავას იხსენებს:

– “2013-2014 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად საქართველომ ამ დავაში 360 მილიონ ლარზე მეტი წააგო. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში სამ წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ყოველთვიური 150-ლარიანი დახმარება მიეღო”.

დავითი თვლის, რომ პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსები ამ რისკებზე არანაირად არ რეაგირებენ.

ამჟამად კი დელისის მეტროსთან შეკრებილნი აპირებენ კრწანისის ტყის დასაცავად იმოქმედონ როგორც საერთაშორისო სასამართლოებში, ისე ქუჩაში, და მოქალაქეებს პეტიციის ხელმოწერისა და გავრცელებისკენ მოუწოდებენ.